“პუბლიკას” მთავარი სათქმელი პუბლიკას
28.10.2019

სიღრმისეული ანალიზი, კონკრეტული თემატური მიმართულებები, მულტიმედია, პოდკასტი, ვიდეო ესსე, ბლოგები,  - ეს არის მთავარი პრიორიტეტი გამოცდილი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ახალი ონლაინ მედია “პუბლიკის”, რომელმაც შთამბეჭდავი ანონსებით პუბლიკას უკვე შეუქმნა განსაკუთრებული მოლოდინი.

publika.ge - ს გუნდი ვებგვერდის გაშვებამდე ბოლო საათებს ითვლის. ყველა ის მასალა, რომელზეც ამ მედიისთვის ახალი, მაგრამ ერთად მუშაობაში გამოცდილი, ძველი გუნდი ბოლო სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, საიტზე ეტაპობრივად იტვირთება და მკითხველს ელის.

alt“პუბლიკა, საზოგადოება, ხალხი - პრინციპში, მესიჯიც ის არის, რასაც ეს სახელი ამბობს. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს იმ თემებზე, რაც უშუალოდ ეხება მათ ყოველდღიურობას, რაც მათი მომავალი, უკეთესი ცხოვრებისა და ინფორმირებული არჩევანისთვის არის საჭირო”, - გვეუბნება “პუბლიკას” მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

ლიკა ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც გამოცემა “ლიბერალიდან” წამოვიდნენ და ახალი მედიის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. “პუბლიკას” თითქმის უცვლელი შემადგენლობით ქმნიან, - 8 მათგანი, ძველ გუნდს მხოლოდ ერთი წევრი გამოაკლდა. ერთად მუშაობაში გამოცდილმა გუნდმა ზუსტად იცის, ვინ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მიზანი ყველას ერთი აქვს - ოპერატიულად, და ამავე დროს, მარტივად და გასაგებად მიაწოდონ აუდიტორიას სანდო და გადამოწმებული ამბები.

alt

“პუბლიკაში” ფიქრობენ, რომ მათი ერთ-ერთი გამორჩეული მხარე კონკრეტული თემატური მიმართულებები და ამ თემების სიღრმისეული ანალიზი იქნება. ექნებათ ახალი ამბებიც.

“განათლება, ჯანდაცვა, გარემო, ქალთა უფლებები, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული ამბები - ვფიქრობთ, რომ ამ და სხვა თემატური მიმართულებებით, ერთ-ერთი მოწინავე ვიქნებით. გვაქვს კონკრეტული სტრატეგიაც, გვინდა, რომ ამ საკითხების გაშუქებისა და ამ თემებზე სიღრმისეული, ამომწურავი და ექსკლუზიური ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ მოვიაზრებოდეთ”, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.

“პუბლიკას” ახალი ამბების რედაქტორის ნათია ამირანაშვილის თქმით, გამოცემის პრიორიტეტებს მკითხველი ვებგვერდის გაშვებისთანავე, მალევე შეამჩნევს: “სექტემბრიდან, ადმინისტრაციული საქმეების პარალელურად, კონტენტზეც ვმუშაობდით. რეგიონებშიც ვიყავით, გვინდოდა, მასალები თემატურად შეგვერჩია. ბევრ სფეროს შევეხეთ, მათ შორის, კულტურა და ურბანული განვითარება”.

“პუბლიკას” ექნება ბლოგებიც, ნათია ამირანაშვილის თქმით, რამდენიმე ავტორის ბლოგი უკვე მზადაა.

altბასტი მგალობლიშვილი ამბობს, რომ "პულიკა" აუდიტორიას პოდკასტებსაც მოუმზადებს. “დიდი მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან გაამრავალფეროვნებს ჩვენს კონტენტს. ექსპერიმენტებს ვატარებთ, გვინდა, რომ ვიდეო ესეს ფორმატიც შემოვიტანოთ. მაგალითად, მე ვაკეთებ კინოზე ვიდეო ესსეს და ვნახოთ, გაამართლებს თუ არა. გვექნება ფოტო რეპორტაჟებიც”, - გვეუბნება ბასტი მგალობლიშვილი და ამატებს, რომ კონტენტის ვიზუალი მათი ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია: “მიუხედავად მცირე რესურსებისა, ბევრი ვიფიქრეთ ვიზუალურ მხარეზე. რა თქმა უნდა, მთავარი შინაარსია, მაგრამ ფორმა, როგორ მიიტან მკითხველამდე ინფორმაციას, არანაკლებ მნიშვნელოვანია”.

მულტიმედიური კონტენტი რომ “პუბლიკას” ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება, გვიდასტურებს გამოცემის მთავარი რედაქტორიც. ლიკა ზაკაშვილის თქმით, ვიდეო მიმართულების განვითარება მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მუშაობა ამ კუთხითაც დაწყებულია.

“ვცდილობთ, რომ მოვერგოთ თანამედროვე აუდიტორიას. ვიცით, დღეს რამდენად მნიშვნელოვანია მულტიმედია კონტენტი. უკვე დავიწყეთ მუშაობა, ტექნიკური რესურსი რომ გაგვიჩნდება, მეტს გავაკეთებთ”, - გვეუბნება ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც ძირითადად კონტენტის ამ ნაწილზე აგებს პასუხს.


alt

გეგმებთან ერთად ბევრია გამოწვევაც, მათ შორის მთავარი, ტექნიკური და ფინანსური რესურსები. ახალი მედიის შექმნა ძველმა გუნდმა ნულიდან დაიწყო, მეგობარი ორგანიზაციების მხარდაჭერით. პირველ ეტაპზე საჭირო აუცილებელი ტექნიკის უზრუნველყოფა მოახერხეს.

“ცუდად არ ვართ წარმოდგენილი, მაგრამ, ცხადია ჯერ ყველაფერი არ გვაქვს”, - გვეუბნება ლიკა ზაკაშვილი.

“პუბლიკას” ამ ეტაპზე ორი ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს - ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” და “ევროპის დემოკრატიის ფონდი”. კონტენტთან ერთად, გუნდის გეგმაა სარეკლამო შემოსავლებზე იმუშაოს.

“გვაქვს ხედვა და ვაპირებთ მალე დავიწყოთ მისი სისრულეში მოყვანა. რა თქმა უნდა, მხოლოდ სარეკლამო შემოსავლებზე ვერ ვიქნებით, უბრალოდ, ჩვენი მიზანია, რომ ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.




“ლიბერალის” გუნდმა, 3-მა რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა, გამოცემა 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში დატოვა.მიზეზად მედიის მფლობელთან სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობა დასახელდა. ახალი მედიის დაარსება მაშინვე დააანონსეს, პირველი გზავნილები სოციალურ ქსელში კი “ლიბერალის” დატოვებიდან დაახლოებით 4 თვეში გაჩნდა - 18 ოქტომბერს “პუბლიკამ” სოციალურ ქსელში ჩაუშვა გვერდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ გვერდზე მხოლოდ მედიის შესახებ მოკლე ვიდეოანონსები და გუნდის შემადგენლობაა, “პუბლიკას” უკვე ჰყავს (28 ოქტომბრის მონაცემებით) 10 000-ზე მეტი გამომწერი.

alt

“მართალი გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, ამხელა გვერდში დგომას, მე პირადად, არ ველოდი. გვერდის გაზიარებები რომ დაიწყო, ჩვენი ერთგული მკითხველები რომ მოუწოდებდნენ საზოგადოებას გამოეწერათ გვერდი და მოგვყოლოდნენ ფეისბუქზე, ეს იყო ჩემთვის უდიდესი სტიმული და უფრო მეტი პასუხისმგებლობა”, - ამბობს ნათია ამირანაშვილი.

აუდიტორიის ამგვარმა რეაქციამ პასუხისმგებლობა ყველა ჟურნალისტს გაუორმაგა. ბასტი მგალობლიშვილი ფიქრობს, რომ მათი მკითხველი იმ ღირებულებებს უჭერს მხარს, რასაც მათი გუნდი წლების განმავლობაში ემსახურებოდა.

„ჩვენ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, მრავალი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის და რაც მთავარია, მკითხველის აზრით, ვქმნიდით სანდო, კვალიფიციურ, მიუკერძოებელ, ღირებულებებზე ორიენტირებულ მედიაკონტენტს“, - დაწერეს 18 ოქტომბერს, ანონსში,
“პუბლიკას” დამფუძნებლებმა.



“პუბლიკას” ახალ, ძველ გუნდს, რომლის შემადგენლობაში ამ ეტაპზე არიან: ზურა ვარდიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ნათია ამირანაშვილი, თათია ხალიანი, ქრისტინე მუჯირი, ბასტი მგალობლიშვილი, ალექსანდრე ქეშელაშვილი და სალომე გორგოძე, იმედი აქვს რომ მალე მოახერხებენ დამკვიდრდნენ მედიაბაზარზე როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კრიტიკული მედია, საინტერესო კონტენტით.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ