მედიამფლობელობის კონცენტრაცია - საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის
29.10.2019

ესტონეთმა შესაძლოა დაკარგოს პრესის თავისუფლების რეიტინგში მოწინავე მე-11 ადგილი. ასე გამოეხმაურა რეიტინგზე მომუშავე ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ესტონეთის ერთერთი უმსხვილესი და უძველესი გაზეთის Postimees-ის მფლობელის მცდელობებს,  ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში.

აღნიშნულ გაზეთს ნორვეგიული კომპანია Schibsted ფლობდა, თუმცა 2013 წელს ის ესტონელმა ბიზნესმენმა, მარგუს ლინამიემ შეიძინა. პრობლემებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის კუთხით 2017 წლიდან იჩინა თავი, 2018 წელს კი ზედიზედ ხუთი რედაქტორი გახდა იძულებული დაეტოვებინა გაზეთი.

“ახალი ამბების, ბიზნესის, გამოძიების, სპორტის, ოპედის განყოფილების რედაქტორებმა დატოვეს გაზეთი მარგუს ლინამიეს მცდელობების გამო, გადააქციოს გაზეთი თავისი კონსერვატიული და ნაციონალისტური მოსაზრებების პროპაგანდისტულ რუპორად”, - ნათქვამია ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უფრო ადრე ადგილობრივი მედია მფლობელის მიერ შექმნილ პრობლემაზე მიუთითებდა თავის ანგარიშში ორგანიზაცია “მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ცენტრი”, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მედიაპლურალიზმის მონიტორინგს ახორციელებს ყოველწლიურად ევროკომისიის დაფინანსებით:  “2013 წელს, როცა ნორვეგიულმა კომპანიამ Schibsted-მა გაყიდა Postimees და ახალი ესტონელი მფლობელი ჩაერია მთავარი რედაქტორის დანიშვნის პროცესში, რაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, აქამდე არასდროს მომხდარა ესტონეთში. ეს აჩვენებს, რომ ნაციონალური, ადგილობრივი მფლობელი, როგორც ასეთი, არ უზრუნველყოფს სარედაქციო ჯგუფის დამოუკიდებლობას”.

1990-იან წლებამდე, ისე როგორც სხვა საბჭოთა ქვეყნებში, ესტონეთში მედიას სახელმწიფო ფლობდა და აცენზურებდა. თავდაპირველად უცხოური კომპანიები არ ინტერესდებოდნენ ესტონეთში მედიაბაზრით, ვინაიდან ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მცირე სახელმწიფოს მედიაბაზარი არ ჩანდა რენტაბელურად. 1998 წელს კი 2 მსხვილი სკანდინავიური (შვედური და ნორვეგიული) კომპანია შევიდა, მათ დაიწყეს გაზეთების, ტელევიზიების, ონლაინგამოცემების ყიდვა-შექმნა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ წილები ადგილობრივ კომპანიებზე გაყიდეს. ამ ყველაფერმა ესტონეთში მედიის მდგომარეობა გააუმჯობესა, რასაც მოწმობს მედიის თავისუფლების ანგარიშებში მისი მოწინავე პოზიციები, თუმცა გამოიწვია მედია-მფლობელობის კონცეტრაცია 2 მსხვილი კომპანიის ხელში: Postimees Group და Ekspress Group ინაწილებენ წილებს გაზეთებში, ტელევიზიებში, ჟურნალებში, რადიოებში, ონლაინ გამოცემებში.

“მედია-მფლობელობის კონცენტრაცია მედია პლურალიზმისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რისკად რჩება და ბარიერს უქმნის ინფორმაციისა და მსოფლმხედველობის მრავალფეროვნებას”, - იუწყება მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების ცენტრი.

ორგანიზაციის ბოლო ანგარიში 2017 წლის მონაცემებს მოიცავს და ამ ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის 6 ქვეყანაში (ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, პოლონეთი და რუმინეთი) მედიაბაზრის მრავალფეროვნება მაღალი რისკის ქვეშაა და ევროკავშირის მხოლოდ 2 სახელმწიფოშია (გერმანია და საფრანგეთი) ამ მხრივ ყველაზე დაბალი საფრთხე.

მედიაბაზრის მრავალფეროვნებას ორგანიზაცია რამდენიმე კომპონენტით საზღვრავს, ესენია, მედია-მფლობელობის გამჭვირვალობა და კონცენტრაცია, მფლობელებისა და კომერციული გავლენა სარედაქციო შინაარსზე და ეკონომიკური პირობები, რომელშიც მედიას უწევს მუშაობა.

მედიაპლურალიზმის მონიტორინგი 2 სახის - ჰორიზონტალურ (როცა ერთი კომპანია მის კონკურენტებს ყიდულობს ბაზარზე) და მედიებს შორის (როცა ერთი კომპანია ფლობს სხვადასხვა სახის მედიაკომპანიას - რადიოს, ტელევიზიას, გაზეთებს, ინტერნეტ მედიას და ა.შ.) კონცენტრაციას გამოყოფს.

“ესტონეთში ჰორიზონტალური კონცეტრაციის მაღალი რისკი (83%) განპირობებულია, პირველ რიგში, სპეციფიკური რეგულაციების არარსებობით: მედიაკონცეტრაციის რისკი ყურადღების ქვეშ მოექცა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ძალიან გაიზარდა ბაზარზე Postimees (ყოფილი Eesti Meedia) წილი. მაღალია მედიებს შორის კონცენტრაციის რისკი - 88%”, - ნათქვამია მედიაპლურალიზმის მონიტორინგის ანგარიშში.

რამდენად მრავალფეროვანია ქართული მედიაბაზარი და უზრუნველყოფილია თუ არა მედიაპლურალიზმი?

საქართველოში კანონით უზრუნველყოფილია მედიამფლობელების გამჭვირვალობა. შესაბამისად, ცნობილია, რომ ქართულ მედიაბაზარზე არ ოპერირებენ უცხოური კომპანიები და ძირითადად, ვხვდებით ხელისუფლებასთან ან ოპოზიციასთან კავშირში მყოფ პირებსა და კომპანიებს მედიის მფლობელებად. ეს კი გავლენას ახდენს კონკრეტული მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკასა და მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. 

საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, ნაკლებად შეინიშნება კონკრეტული 1 ან 2 კომპანიის ხელში მედია-მფლობელობის კონცენტრაცია, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგები აჩვენებს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი (მაგალითად, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო) მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ნაკლებად კრიტიკულია. მათ საპირწონედ, მთავარი ოპოზიციური გაერთიანების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყო "რუსთავი 2", რომელიც ზაფხულიდან ახალი მფლობელის ხელშია და ჯერ ამ ტელევიზიის კონტენტის მონიტორინგი რომელიმე პროფესიულ ორგანიზაციას არ განუხორციელებია. ყოფილი "რუსთავი 2-ის" გუნდის ბაზარზე 2 ახალი ტელევიზია აღმოცენდა და შესაბამისად, ჯერ არც ამ ტელევიზიების მონიტორინგის შესახებაა რამე ცნობილი. თუმცა, ზედაპირული დაკვირვებით უკვე ჩანს, რომ ტელევიზიების რაოდენობის ცვლილებით, რეალურად კვლავაც სახეზე გვაქვს პოლარიზებული მედია, რაც ნაკლებად ემსახურება მედიაპლურალიზმს.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ