ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმის გამო, ქარტია რეაგირებას ითხოვს
15.11.2019

“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, გააძლიერონ მათი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე, ყველა მსგავს შემთხვევას მისცენ სათანადო შეფასება და რეაგირება”, - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ამ განცხადებით საერთაშორისო საზოგადოებას და ხელისუფლებას დღეს 15 ნოემბერს მიმართა და შეშფოთებას გამოთქვა ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო.

ქარტიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ტელეკომპანია პირველის" ტოქშოუს წამყვანი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანი, კრიტიკული კითხვების პასუხად, ოპოზიციის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

“თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, ნინო, რომელსაც საარჩევნო წარმატების რესურსი არ გაქვთ, ამიტომ ცდილობთ პროცესის რადიკალიზაციას... სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ, ნინო”, – ამ და მსგავსი რეპლიკებით ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არაერთხელ გააიგივა.



იმავე დღეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანს, თეონა ბაკურიძეს კი მიმართა “მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას”. კობახიძის გაღიზიანება, მთავრობის მხრიდან პროპორციული სისტემის ჩაგდებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმულ კრიტიკულ კითხვებს მოჰყვა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც “ქართული ოცნების” ლიდერები აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. გარდა ამისა, პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა.

“ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ”, - ვკითხულობთ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ