გიორგი თარგამაძე “ფორმულაზე” ანალიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს
17.11.2019
პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულზე” ანალიტიკურ ტოქ-შოუს წაიყვანს. გადაცემა, სახელწოდებით - “გიორგი თარგამაძის ფორმულა”, ეთერში ყოველ სამუშაო დღეს 23:00 საათზე გავა.  პირველი გადაცემა არხზე დღეს, 17 ნოემბერს უნდა გავიდეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გიორგი ლაფერაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ახალი ტოქშოუს დაწყება დაჩქარებულ რეჟიმში გადაწყვიტეს: “გიორგი თარგამაძესთან თანამშრომლობა დაწყებული გვქონდა. ვაპირებდით, როგორც წესი, ისე დაგვეწყო - სარეკლამო რგოლებით, პრომოთი და ა.შ. მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ახლა არის ვითარება, როცა ყოველდღიურ ფორმატში უნდა დაიწყოს კიდევ ერთი ტოქშოუ ჩვენს არხზე”.

გიორგი თარგამაძეც ადასტურებს, რომ ახალი გადაცემის ეთერში გასვლა ჯერ არ იგეგმებოდა. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული მოლოდინი, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად აქტიური, კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდების.

“მგონია, რომ ახლა არის დრო იმისა, რომ კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი შტრიხი გაჩნდეს ქართულ სატელევიზიო პალიტრაში. ამის გაკეთებას ვეცდები მე, თქვენთან და ტელეკომპანია ფორმულას სხვა ჟურნალისტებთან და თანამშრომლებთან ერთად. არც ვგეგმავდით, რომ მე ასე სწრაფად შევსულიყავი ეთერში, მაგრამ ეს ყველაფერი განაპირობა იმ მოვლენებმა, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, უფრო სწორად, გადაუწყვეტელობამ, რომელმაც ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ტემპერატურა აწია და დაძაბა ვითარება. და მეორე მხრივ, აუცილებლობამ, რომ ტელეკომპანიამ ამას ფეხი კიდევ უფრო აქტიურად აუწყოს,” - განაცხადა გიორგი თარგამაძემ “ფორმულას” ეთერში.

გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მაყურებელი სულ მალე გიორგი თარგამაძის სხვა გადაცემებსაც იხილავს: “გიორგისთან დაკავშირებით სხვა გეგმები გვაქვს და სხვა ტიპის გადაცემებსაც შევთავაზებთ მაყურებელს, როდესაც საცდელი მაუწყებლობის ფორმატს დავასრულებთ”. “მედიაჩეკერის” კითხვაზე, რა ტიპის ახალ გადაცემებს უნდა ელოდოს მაყურებელი, გიორგი ლაფერაშვილმა გვიპასუხა, რომ “მათ შორის იმ ტიპის გადაცემებსაც რომელიც მაყურებელს უყვარს და მოენატრა”.

გიორგი თარგამაძე1999-2002 წლებში პარლამენტის წევრი იყო. 2002 წლიდან იგი ტელეკომპანია “იმედში” ჟურნალისტად მუშაობდა, სადაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორობის პარალელურად, გადაცემა „დროების“ ავტორი და წამყვანი იყო. 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძე ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა და პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა. იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. 2013 წლიდან კი თარგამაძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

ტელეკომპანია "ფორმულამ",  რომელიც შპს “ფორმულა კრეატივმა” 20 ივლისს დააფუძნა,  მაუწყებლობა მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრიდან დაიწყო. არხზე "რუსთავი 2-დან" წასული ჟურნალისტების ნაწილი მუშაობს. 

პირველ ეტაპზე, კომპანიის 100%-იან წილს თანაბრად (25-25%) ფლობდნენ “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები: მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა . თუმცა, 3 სექტემბერს საჯარო რეესტრში ცვლილება აისახა და “ფორმულას” მეწილეებს საკონტროლო პაკეტით (51%) არხის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი დაემატა. ტელეკომპანიის დანარჩენი ოთხი მეწილე, ამ ეტაპზე წილებს კვლავ თანაბრად ინაწილებს. თითოეული მათგანი “ფორმულას” 12.25%-ს ფლობს

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ