ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
05.12.2019

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში) გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა და უწყებიდან მიღებული შეტყობინება გამოაქვეყნა.

ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაბარებას თავის ფეისბუქ პოსტს უკავშირებს, რომელიც 3 დეკემბერს გამოაქვეყნა.

"ერთი ფბ პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია", - წერს გვარამია და ამ სტატუსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ უწყებას ურთავს, რომელშიც ვკთხულობთ, რომ 6 დეკემბერს, 11:00 საათზე, მას მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით იბარებენ უწყების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ დავით გოგოტიშვილთან.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც ნიკა გვარამია ამ დაბარებას უკავშირებს, შემდეგი შინაარსისაა:


alt“მარტივად:
სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.
საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.
ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც

•  არც თავისი ნებით მიდის
•  და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს 

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და

•  უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და - სამშობლოს დავკარგავთ", - წერს გვარამია. 


"მედიაჩეკერის" შეკითხვაზე, აპირებს თუ არა  უწყებაში მისვლას,  ნიკა გვარამიამ გვიპასუხა: “ნებისმიერ შემთხვევაში დაკითხვაზე, ცხადია, გამოვცხადდები. ეს იქნება საგამოძიებო ორგანო თუ მაგისტრატი მოსამართლე, ამას ადვოკატთან ერთად, დღის მეორე ნახევარში გადავწყვეტ.”

 “მედიაჩეკერი” შეეცადა გაერკვია უკავშირდება თუ არა ტელეკომპანია "მთავარის" ერთ-ერთი მფლობელის გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, დეტალები არ დააკონკრეტეს.  

"ნიკა გვარამია დაბარებულია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით", - რამდენჯერმე გაგვიმეორეს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ