აჭარის ტელევიზიის მეხუთე მრჩეველს 9 განმცხადებლიდან შეარჩევენ
07.12.2019
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით უნდა აირჩეს, საკონკურსო კომისია 9 განმცხადებლიდან შეარჩევს. მათ შორის არიან ჟურნალისტები: მაუწყებლის თანამშრომელი ლაშა ზარგინავა და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტუდიის წარმომადგენელი ირმა ზოიძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატის შესარჩევი კონკურსი 6 დეკემბერს დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობენ:

  • ბეჟან გობაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით;
  • თემურ დიასამიძე - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი წინა ხელისუფლების დროს;
  • ნათია აფხაზავა - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი;
  • ლაშა ზარგინავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ტოქშოუს "მთავარი აჭარაში" წამყვანი;
  • არჩილ ხახუტაიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • ციალა ქათამიძე - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი, ასევე, სახალხო დამცველის ყოფილი წარმომადგენელი აჭარაში; 
  • ჯემალ მეგრელიძე - მედიაჯგუფი “აჭარა p.s.-ის” გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი;
  • ირმა ზოიძე - ბათუმში მოქმედი საგამოძიებო სტუდია "REC-ის" ჟურნალისტი;
  • გია ქარცივაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი, აჭარის ტელევიზიის HR.

რატომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა ლაშა ზარგინავამ და ირმა ზოიძემ
 

მაუწყებლის მოქმედი თანამშრომელი, ტოქშოუს წამყვანი ლაშა ზარგინავა, ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ ბოლო კონკურსშიც მონაწილეობდა. მაშინ მან განაცხადის შეტანა იმ მოტივით ახსნა, რომ სურდა ბორდს ასარჩევად ბევრი ალტერნატივა ჰქონოდა. თავისუფალი სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის სურვილით ხსნის გადაწყვეტილებასაც, გახდეს ტელევიზიის მრჩეველი.

“ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო იმისათვის, რომ ტრიბუნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ექნება მრჩეველს, ბოლომდე გამოვიყენო,საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, ჩემი თნამშრომლებისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად”, - დაწერა მან 6 დეკემბერს ფეისბუკზე, მას შემდეგ, რაც კონკურსში განაცხადი შეიტანა.

“მედიაჩეკერთან” საუბარში იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ იყო: “20 წელია აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ და არ არის მარტივი, ჩამოშორდე იმ საქმეს, რომლის გარდა სხვა საქმე არ იცი, ფაქტობრივად”, მაგრამ, ასე გუნდთან ერთად გადაწყვიტა და მთავარი მიზანია, რომ მათი ხმა მრჩევლის პოზიციიდან ისმოდეს:

“წლების განმავლობაში ის მიღწევები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს აქვს, რეალური საფრთხის წინაშეა და ამაზე ყველა ფორმატში უნდა ვისაუბროთ. მინდა ვიყო მხარდამჭერი იმ ადამიანების, ვინც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვებით, შექმნა პრეცენდენტი და ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებისთვის. მეც ვარ ამ გუნდის წევრი და ჩვენს მონაპოვარს გავუფრთხილდები, რა თქმა უნდა, ყველა ფორმატში”.

ლაშა ზარგინავას მსგავსად, ირმა ზოიძეც, რომელიც დირექტორის შესარჩევ კონკურსებშიც მონაწილეობდა, ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზანია ბოლომდე იბრძოლოს მაუწყებლის დასაცავად.

“ცხადად დავინახე, რომ არის კრიზისი ადმინისტრაციას, ბორდსა და გუნდს შორის, ამავე დროს, მოვისმინე ფრაქციის განცხადება, რომ ისინი ამ კვოტას უთმობენ საზოგადოებას და ჟურნალისტებს და ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე მონაწილეობა”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში და ამატებს, რომ დღეს ტელევიზიის თანამშრომლებს ყველაზე მეტად ორი რამის ეშინიათ: ჩაერევიან მათ სარედაქციო პოლიტიკაში, ან თუ ამ ჩარევას არ მიიღებენ, მათ დაითხოვენ: “ორი გარანტი ჭირდება ამ ადამიანებს, მგონია, რომ ამ ორი გარანტის პირობა და საშუალება ჯერჯერობით არის და მინდა, რომ ამის მონაწილე ვიყო, რა თქმა უნდა, ღირებულებების დაცვით”.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობენ, იმ პირობებში, როდესაც სამეურვეო საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხი ხელისუფლებასთან არის აფილირებული, რამდენად შეძლებენ ბორდიდან რამე შეცვალონ, ირმა ზოიძე ამბობს, რომ მინიმუმი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, ბორდში მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროდ გახმოვანებაა:

“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც მაგალითად გაასაჯაროებს შიგნით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას. ეს არის ბერკეტი გარეთ სათანამშრომლოდ და გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას”.

“არ მაქვს მოლოდინი, რომ ერთი ადამიანი იქ რაიმეს შეცვლის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ერთი ადამიანის საუბარი არ იქნება უშედეგო და აზრს მოკლებული, იმიტომ, რომ მრჩევლებს ზოგადად აქვთ ძალიან დიდი რესურსი”, - ამბობს ლაშა ზარგინავა.

ვინ და როდის აირჩევს მეხუთე მრჩეველს
 

ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, რომლის კვოტითაც მეხუთე მრჩეველი უნდა შეირჩეს, ვაკანტურ ადგილზე განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 5 დეკემბერს განაცხადეს, რომ თავიანთ კვოტას საზოგადოებისთვის და მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის მისაღებ კანდიდატს დაუთმობენ.

''ჩვენს კვოტას ვთმობთ საზოგადოების სასარგებლოდ... ჩვენ აჭარის ტელევიზიის იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც იბრძვიან სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის და საზოგადოებისათვის მისაღებ კანდიდატს დავუჭერთ მხარს", - განაცხადეს დეპუტატებმა​.

მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი საკონკურსო კომისიამ უნდა შეარჩიოს. ამ ეტაპზე კომისია დაკომპლექტებული არ არის. საკონკურსო კომისია მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება.კომისიამ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა შეარჩოს და უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს დასამტკიცებლად.

მრჩეველთა საბჭოში ამ ეტაპზე ოთხი წევრია. სამი მათგანი - სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ბორდში ''ქართული ოცნების'', ხოლო ერთი თამარ წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით არის შესული. წილოსანი, ამავე დროს, არჩევისას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელი იყო, - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე.

საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილია. იგი ერთ-ერთი საბჭოს იმ ორ წევრს შორის, რომლებმაც მიმდინარე წლის 10 აპრილს იმდროინდელ ბორდს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართეს. მეხუთე წევრის შესარჩევად ეს კონკურსი განმეორებით არის გამოცხადებული. წინა კონკურსზე კანდიდატის წარდგენაზე “ნაციონალურმა მორაობამ” უარი თქვა იმ მოტივით, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა კანდიდატებს გასაუბრებოდნენ.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ