აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს
19.04.2019

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს. იმპიჩმენტის საკითხი 10 აპრილს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს. გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული საბჭოში.

 

ამბის გასაჯაროვებისთანავე შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასება და არაერთი განცხადება მოჰყვა.

„დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.


„არ მაქვს განზრახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მრჩეველთა საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში ჩარევისა, თუმცა მინდა მოვიშველიო შეფასება, რომელიც გამოთქმული იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ბოლო ანგარიშსა და მედიის მონიტორინგის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ე. წ. ,,ნეიტრალური სივრცე“ და ერთადერთი ტელეკომპანია, რომელმაც მაყურებელს შესთავაზა არჩევნებში მონაწილეთა პლატფორმების ზოგადი შედარება. ეს ნამდვილად არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ კვალვაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტს გამოეხმაურა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი.


“ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – დაწერა მან ტვიტერზე.


“აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაეროს მედიამონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედიასაშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში”, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ