ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურა 28 დღე უთვალთვალებდა მისი ცოლის გადაადგილებას და არა მის მანქანას
24.01.2020
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ოჯახს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა, მაშინაც კი, როდესაც ისინი ე.წ სადავო მანქანით, "პორშეთი" არ გადაადგილდებოდნენ. საუბარია მანქანაზე, რომელზეც პროკურატურა ირწმუნება, რომ გვარამიას ოჯახს ფაქტობრივ საკუთრებაში აქვს. ამის შესახებ გვარამიამ 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე სხდომის დაწყებამდე, მედიასთან განაცხადა.

გვარამია აცხადებს, რომ ისინი არც მალავენ მანქანით სარგებლობის ფაქტს და პროკურატურას მათთვის რომ ეკითხა, მარტივად დაადასტურებდნენ. ამავდროულად არსებობს საჯარიმო კამერის კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მართავს მისი მეუღლე სოფიო ლილუაშვილი ამ მანქანას, ანუ, არ არსებობს საჭიროება რამის, რაც ამ ფაქტს დაადასტურებდა.

„მიუხედავად ამისა, გამოტანილ იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის შესახებ, თითქოს ცხადია, რომ მანქანას უნდა უთვალთვალონ, მაგრამ არა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ მედიასთან და წაიკითხა რამდენიმე ამონარიდი დადგენილებიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ მის მეუღლეს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

„ამ კრებსებში არის 28 დღის განმავლობაში თვალთვალი ჩემს მეუღლეზე, აქ არის აღწერილი 28 დღის განმავლობაში მისი გადაადგილებები, მისი და არა მანქანის, რომელიც თითქოს უნდა დადგენილიყო. სულ ორჯერ, ორ დოკუმენტში ფიგურირებს ის მანქანა. დანარჩენი არის სხვა მანქანა, ან ჩემი, ან ჩემი მეგობრების. გადაადგილებები არის ჩემთან ერთად, ჩემს გარეშე, სამსახურში და მინდა კითხვა დავსვა, როდესაც ადამიანი სამსახურში მიდის და იქ ელოდებიან და უთვალთვალებენ, მანქანა რა შუაშია? რომელიც თითქოს უნდა დადგინდეს. სტუმრად რომ მივდივართ , დილის ოთხ საათზე გამოვდივართ და სახლში ვბრუნდებით, სხვა მანქანით, ის მანქანა აღარ არსებობს, მანქანის დადგენასთან ამას რა კავშირი აქვს? 28 დღე რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და ჩემი შვილების გადაადგილება და ამის დეტალური აღწერა?" - ამბობს გვარამია და საუბრობს რამდენიმე დეტალზე ამ დადგენილებიდან, საიდანაც, მისივე თქმით, ირკვევა, რომ მის ოჯახს უკანონდაც უთვალთვალებდნენ და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ დეტალებში იგი გულისხმობს მაგალითად ჩანაწერს, „მივიდნენ (გვარამია და მისი მეუღლე) ნაცნობ მისამართზე“, რაც მისი აზრით, ნიშნავს, რომ ეს მისამართი უკვე არსებობს სხვა კრებსებში და წინმსწრებად უკვე იყო თვალთვალი.

მისივე თქმით, ბოლო 7 წელია მათ იციან, რომ უსმენენ და უთვალთვალებენ, თუმცა, როდესაც ოფიციალურ კადრებს უგზავნიან ცოლისა და ბავშვების გადაადგილების, ეს არის ღიად გამოცხადებული ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

"ჩვენმა ოჯახმა მიიღო უკვე ომის გამოცხადება დიდი ხანია და დღეს საბოლოოდ ვაცხადებ - ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში, ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ, როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის, ჩვენი პოზიციისთვის, ჩვენი სიმტკიცისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ჩვენ მას დავამარცხებთ და დამარცხებულს მოვექცევით უკეთესად, ვიდრე ის გვექცევა ჩვენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალი პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში უარყო მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ მისი ოჯახის თვალთვალის ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.  საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ ვიდეოჩანაწერი გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებაა და არა თვალთვალის ვიდეო. უწყების მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებდა, რომ 232 000-ზე მეტი ლარის ღირებულების „პორშეთი“ სარგებლობდა პირადად ნიკა გვარამია და მისი ოჯახი. ნიკა გვარამია ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ „პორშე“ მისმა ცოლმა იყიდა განვადებით, თუმცა ვერ გადაიხადეს, დააბრუნეს და ჯარიმას იხდიან.

"რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ის” ქონების გაფლანგვას, დოკუმენტის გაყალბებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. მას ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. პროკურატურის განცხადებით, გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი "Porshe Macan S" და, ამ სქემის შენიღბვის მიზნით, მანქანა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე გააფორმა.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ