"რუსთავი 2-ის" 60%-იან წილს კვლავ ყადაღა დაედო
31.01.2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე, მოსარჩელეების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი კვლავ მიიღო წარმოებაში. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წილების 60% -ს ისევ ყადაღა დაედო. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით დვალი და მათი ადვოკატი, კახა კოჟორიძე ავრცელებენ.

"ბრძოლა გრძელდება. და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება!"- წერს კახა კოჟორიძე.

მისივე ინფორმაციით, ორი კვირის წინ სასამართლომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ "რუსთავი 2-ის" საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა გაუქმდა. მაგრამ ორი დღის წინ სარჩელი რომ წამოებაში იქნა მიღებული და ყადაღა ისევ დაედო, ამის შესახებ უწყებას აღარაფერი უთქვამს. "როგორც ჩანს, სასამართლომ მხოლოდ განუხილველად დატოვება მიიჩნია საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციად", - ვკითხულობთ მის პოსტში.





შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2017 წლის 2 მარტს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. "რუსთავი 2-მა" და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 2019 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღსრულების შეჩერება გაუქმდა.

ამის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ "რუსთავი 2-ის" წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს.  2020 წლის 17 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სარჩელი განუხილველი დარჩა და ტელეკომპანიის წილების 60%-ს ყადაღა მოეხსნა. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მხარეს 12 დღე ჰქონდა ვადა.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ