პროფკავშირები: ნათია ზოიძის წასვლა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დამდგარი ფაქტია
03.02.2020
აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირები ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარ ფაქტად აფასებს. ამის შესახებ განცხადება ალტერნატიულმა პროფკავშირებმა დღეს, 3 თებერვალს გაავრცელა.

“ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და პრინციპული თანამშრომლების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირების სახელით გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი. ეს აღარაა მცდელობა. ეს არის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს. მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას, რადგან ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია”, - აღნიშნულია აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალტერნატიულ პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორი და მრჩეველთა საბჭო თავისუფალ რედაქციას ებრძვიან და მაუწყებლის დამოუკიდებლობას ასუსტებენ:

“იმ პირობებში, როდესაც არცერთი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ სვამს კითხვებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ტელევიზიის წინაშე უამრავი გამოწვევაა, დირექტორი და მრჩეველთა საბჭო საუბრობენ არა ამ პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ ასუსტებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ებრძვიან თავისუფალ რედაქციას. მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები შეუძლებელს ხდის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას.

საარჩევნო წელს ამგვარი რყევები დამატებით პოლიტიკურ მდგენელს სძენს პროცესს და აჩენს ეჭვებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ცვლილებები”.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის უკვე ყოფილმა მოადგილე ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2 თებერვალს დატოვა. სამსახურიდან წასვლის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობითი პროცესი და იგი იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო, ერთ-ერთ მიზეზად კი მისი ახალი ხელშეკრულება დაასახელა, რომელიც, მისი, თქმით, საქმის კეთების საშულებას აღარ აძლევდა. დირექტორის არჩევამდე, ნათია ზოიძე თითქმის 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები არხის 65-მა თანამშრომელმა 28 იანვარს დააფუძნა. მათი თქმით, ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ