სოლიდარობის აქციები აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად - რა ხდება მაუწყებელში
16.02.2020
„საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ – 16 თებერვალს, ბათუმსა და ქუთაისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციები გაიმართა. 17 თებერვალს კი მასშტაბური აქცია თბილისშია დაგეგმილი. ამ აქციებით მონაწილეები თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სარედაქციო დამოუკუდებლობის დაკარგვის უკვე აშკარა ნიშნებს ხედავენ და მოკლე მესიჯით „დაგვეხმარეთ“ - საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

altბათუმში, აჭარის ტელევიზიის შენობასთან, მაუწყებლის თანამშრომლები, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და არხის მაყურებელები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია და ის გუნდი, რომელიც ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძვის, მარტო არ უნდა დარჩეს.

ბათუმში გამართულ აქციას ესწრებოდა ნათია ზოიძე, მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც არხს უდირექტორობის პერიოდში, თითქმის ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა. გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბარში იგი ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ გოგა კოხრეიძეში ან მრჩეველთა საბჭოში კეთილშობილება გაიღვიძებს.


alt„ის, რასაც შეუძლია ეს ადამიანები შეაჩეროს, არ არის მათი სინდისი, ამ ადამიანების შეჩერება შეუძლია საზოგადოების რეაქციას. თუ ამ ქალაქში არის ვინმე ისეთი, ვინც დებს თავს, რომ არის ამ ქალაქის, ამ რეგიონის გულშემატკივარი, არ უნდა დაჯდეს ახლა სახლში მშვიდად, რადგან მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, ძალიან ძვირფასი ღირებულება. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ არის მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც აქ მუშაობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამოძრავებს მთელს რეგიონს, მთელს ქალაქს“, – ამბობს ნათია ზოიძე. 

სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის
რეალური საფრთხეები

სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეები მაუწყებლის ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ქმედებებში უკვე აშკარად ჩანს. თავდაპირველად მან ხელშეკრულების პირობები შეუთანხმებლად შეუცვალა პირველ მოადგილეს ნათია ზოიძეს და ამით ის სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა. ნათია ზოიძე იძულებული გახადა არხი დაეტოვებინა. მან ღიად განაცხადა, რომ ეს იყო იძლებითი ნაბიჯი, ვინაიდან, მას აღარ ჰქონდა საქმის კეთების საშუალება.

altმომდევნო ეტაპზე დირექტორი საშტატო განრიგში ცვლილებების გზით, სარედაქციო საქმიანობისთვის კიდევ რამდენიმე ადამიანის ჩამოშორებას აპირებს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას წარმართავენ.

ცვლილებები ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე დირექტორის მოადგილეებს ეხებათ, თუკი მრჩეველთა საბჭო დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგში შესატან ცვლილებათა პროექტს მოიწონებს, მოადგილეების შტატები გაუქმდება.  მათ შორის, გაუქმდება ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის შტატიც, რომელიც ახალი დირექტორის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა და რომელიც დიდი ხანია საუბრობს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. იგი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

მოჰყვება თუ არა დირექტორის ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ სამი წევრის თანხმობა სჭირდება და თითქმის არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ეს თანხმობა იქნება (შეგახსენებთ, ბორდის 5 წევრიდან სამი სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ''ქართული ოცნების'' კვოტით არიან არჩეული) მაია მერკვილაძის სამსახურიდან გაშვება, ჯერ უცნობია. მაია მერკვილაძე 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიცაა.

altთუმცა, ეს ყვეალფერი არ არის. რამდენიმე დღის წინ, 14 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ მაუწყებელში მხოლოდ მაია მერკვილაძეს არ დევნიან.  ჟურნალისტმა მინიმუმ ხუთი ქმედების შესახებ დაწერა, რომელშიც ნათლად ჩანს დირექტორის მიზანი, ჩამოაშოროს არხს კრიტიკული კონტენტის შემქმნელი ადამიანები.

  1.  დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციოს უფროსზე შორენა ღლონტზე, ამბავი 1 წლის წინანდელ გადაცემას ეხება, რომელიც NDI-სთან ერთად გაკეთდა მაუწყებლის ეთერში. ამის თაობაზე დირექტორს მრჩეველმა თამილა დოლიძემ მიმართა.
  2.  შიდა მონიტორინგის საფუძველზე იკვლევენ 26 დეკემბრის გადაცემაში გია ქარცივაძის სტუმრობის ამბავს – შინაარსში შემოდიან.

  3. დირექტორმა უკვე გააცნო მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილება: აუქმებს მოადგილეების შტატებს. უქმდება მაია მერკვილაძის შტატი – ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი გამოშვების რედაქტორია. ამას სამი (ოცნების) ხმა სჭირდება. მაიას ტოვებენ რიგით რედაქტორად, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება მიმართონ სხვაგან და არა მთავარ ამბებზე. რედაქციის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირის შერყევით, ფაქტობრივად, მიზანი მიღწეული იქნება.

    აუქმებენ სხვა სამსახურების მოადგილეების შტატებსაც.

  4.  „ჰეშთეგში“ მალხაზ რეხვიაშვილს გადაცემის წამყვანობას ედავება, რადგან ის ალტერნატიული პროფკავშირის უფროსია. 

  5. დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით. არ გააქვს გარე წარმოებაზე პრიორიტეტით განსაზღვრული გადაცემა, რასაც აქამდე სტუდია REC-ი და ირმა ზოიძე აკეთებდა. ამტკიცებს, რომ ამის მომზადება შიგნითაცაა შესაძლებელი, მაგრამ რა რესურსით, ბუნდოვანია. ცნობისთვის, მიზეზად საარჩევნო წელი და რისკი სახელდება – შემთხვევით, „ნაცებმა“ არ მოიგონ კონკურსიო. 

რეაქციები დირექტორის გადაწყვეტილებებზე
 
altდირექტორის გეგმების გაცხადებისთანავე, მაუწყებელში შექმნილმა ალტერნატიულმა პროფკავშირმა განცხადება გაავრცელა. „ნებისმიერი მცდელობა – დააშინონ თანამშრომლები, დამთავრდება წარუმატებლად. ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შევეგუებით მაუწყებლის რეგრესს, ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიაში მიმინარე მოვლენებს 14 თებერვალს განცხადებით გამოეხმაურნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორივე ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე.

„მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს (განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულ წევრებს), შეწყვიტონ მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა; ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ დისკუსიისა და ფართო კონსენსუსის საფუძველზე, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის არსებული უნდობლობა; ასევე, პასუხი გასცენ ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას, ზიანს აყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას“, - ვკითხულობთ საიას გამოხმაურებაში.

ამავე დღეს, 14 თებერვალს, განცხადება გავრცელდა აჭარაში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით. განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა, რაც ამ ეტაპზე აქვს მაუწყებელს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების დონის ასამაღლებლად.

„განსაკუთრებით სასიცოცხლოა ამგვარი სარედაქციო პოლიტიკის წარმოება მოახლოებული, უმნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ ყურადღებით დააკვირდნენ აჭარის ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე მკვეთრად ნეგატიურ პროცესებს და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რათა პროცესები არ გასცდეს დემოკრატიულ ჩარჩოებს.

კიდევ ერთ, მედიაკოალიციის განცხადებაში კი, რომელიც ასევე 14 თებერვალს გავრცელდა, ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესები საგანგაშოა „და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს“.

ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა

alt15 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. იგი წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა და იგი უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, ვისთვისაც ძვირფასია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება.

ზვიად ქორიძე წერს, რომ სინამდვილეში ბრძოლა მაშინ დაიწყო, როდესაც თანამდებობიდან გადააყენეს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე: „შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია ზოიძეს არჩევა, როდესაც მიიტაცეს ახალი მრჩეველთა საბჭოს მანდატები, როდესაც არხის ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი კოხრეიძე, როდესაც შექმნეს თვალთვალის და დევნის გარემო“.

მისი თქმით, დღეს საფრთხის წინაშე დგას საინფორმაციო სამსახურის ყველა პროდუსერი, წამყვანი და ჟურნალისტი, ვინც უარს იტყვის პარტიული და პროპაგანდისტული ტელევიზიისა და რადიოს კეთებაზე. გიორგი კოხრეიძე ცდილობს, დაამარცხოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.

„აჭარის ტელევიზიამ და რადიომ შეძლო, მართლა საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებულიყო, არა მხოლოდ კანონის ჩანაწერით, არამედ თავისი სტანდარტებითა და შინაარსით. ეს ნერვებს უშლის და აფორიაქებს რეაქციონერებს ბათუმშიც და თბილისშიც, რომლებმაც მოიყვანეს რევანშისტული მრჩეველთა საბჭო, რომლებმაც დირექტორად დასვეს გიორგი კოხრეიძე და დაავალეს, დაელეწა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცე“, - ამბობს ზვიად ქორიძე.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და მიუკერძოებლობის პრინციპის გააზრება და არა მხოლოდ ტექსტების გამოთქმით კითხვა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თემატური მრავალფეროვნება და საზოგადოებისთვის აქტუალური კითხვების დასმა და არა მმართველი პარტიის გუნდრუკის კმევა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის შემოქმედებითი თავისუფლების სივრცე და არა მედროვე ადამიანთა სოციალური კეთილდღეობის გარემო, რომლებიც ტაშით მიეგებნენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს და დღეს ჩუმ სოლიდარობას უცხადებენ გიორგი კოხრეიძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნგრევის პროცესში.

პოსტტოტალიტარულ სივრცეში საკმაოდ რთულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირება. აჭარის ტელევიზია და რადიო ამას ახერხებს. ამიტომ სჭირდება მას დაცვა. ამიტომ ვუჭერ მხარს ბათუმისა და ქუთაისის დღევანდელ აქციებს. ამიტომ გავალ ორშაბათს, 17 თებერვალს, დღის 4 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე“, - წერს იგი.

აქცია თბილისში

17 თებერვალს, ორშბათს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა“, - ვკითხულობთ აღწერაში, რომელიც ქარტიის მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ აქციას ახლავს თან.

ქარტია მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია ძვირფასია, შეუერთდეს ორშაბათს 16:00 საათზე პარლამენთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას. 17 თებერვალს აქციებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.

alt


რედ.: მასალაში გამოყენებული აქციის ფოტოები ეკუთვნის გამოცემა ბათუმელებს. 

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ