"მაესტროში" ცენზურაზე ალაპარაკდნენ - დამადასტურებლად ორი გადაცემის დახურვას ასახელებენ
28.02.2020
“ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის”, - ტელეკომპანია “მაესტროს” წამყვანი ანა ცხოვრებავა ამბობს, რომ “ბიზნეს სიახლეები” ორშაბათიდან ეთეში აღარ გავა, რადგან მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის გადაცემას ხურავენ. მისივე თქმით, გადაცემის დახურვას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის არაერთი მცდელობა უძღვოდა წინ.

“დღეს თქვენ ბოლოჯერ უყურებთ ბიზნესის გადაცემას მაესტროს ეთერში. ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში 2017 წლის 13 ივნისს შევხვდით, 3 წლის წინ და მას შემდეგ ყოველ საღამოს ჩვენ ვცდილობდით, რომ მიუკერძოებლად მოგვეტანა თქვენამდე ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ თქვენ - გადასახადების გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს გქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია იმაზე, თუ რაზე იხარჯება თქვენ მიერ გადახდილი გადასახადები. ასევე, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის რეგულაცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც.

ვფიქრობთ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთმანეთს ამ ეთერში აღარ შევხვდებით. არხის მენეჯმენტმა, ჰოლდინგის მენეჯმენტმა ოფიციალურ მიზეზად, რის გამოც იხურება გადაცემა, დაასახელა ის, რომ იცვლება "მაესტროს" ფორმატი, თუმცა ეს ჩვენთვის არ ჟღერს დამაჯერებლად, იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღვოდა არაერთი მცდელობა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს არის საფასური, რომელსაც ვიხდით მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერებისათვის”, - ეს განცხადება ანა ცხოვრებავამ დღეს, გადაცემის დასრულებისას პირდაპირ ეთერში გააკეთა.

დეკემბრიდან პოლიტიკური გადაცემა “მაესტროელებიც” აღარ გადის ეთერში. გადაცემის პროდიუსერი თიკო ბაშარული ორივე გადაცემის - “მაესტროელების” და “ბიზნესის სიახლეების” დახურვას ცენზურის გაძლიერებას უკავშირებს:

“ჩემი პოლიტიკური გადაცემაც დახურეს.  გადაცემა “მაესტროელები”, რომელიც საღამოს 7 საათზე გადიოდა, ჰყავდა სამი წამყვანი და იყო ძირითადად პოლიტიკური თემები. გადაცემა აღარ გადის დეკემბრიდან. მოხდა იგივე, რაც ჩემს პოლიტიკურ გადაცემაზე, რომ შეიზღუდა და ცენზურა გაძლიერდა".

“მედიაჩეკერი” ცდილობს დამატებითი დეტალები მაუწყებლის დირექტორთან გაარკვიოს, თუმცა ამ დრომდე  ვაკო ავალიანი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. დამატებითი ინფორმაციის მოძებისთნავე მასალა განახლდება. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” “იმედის” ჰოლდინგის ნაწილია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ