დირექტორის ბრძანებით, აჭარის მთავარი საინფორმაციოს წამყვანი თეონა ბაკურიძე დროებით ეთერიდან მოხსნეს
06.03.2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა.  გადაწყვეტილება თეონა ბაკურიძეს დღეს, 6 მარტს, საღამოს ჩაბარდა. ბრძანების მიხედვით, თეონა ბაკურიძეს ორშაბათიდან, 9 მარტიდან დროებით ეკრძლება საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულება.

დირექტორის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა გიორგი აბაზაძეს განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო. ბრძანების თანახმად, დირექტორმა რეკომენდაცია მრჩეველთა საბჭოზე ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო.

ბრძანებაში, რომელიც თეონა ბაკურიძეს ჩაბარდა, არაფერი წერია მეორე მხარის პოზიციების შესახებ.

თეონა ბაკურიძე "მედიაჩეკერთან" საუბარში ამბობს, რომ დროებით ეთერიდან მოხსნის საფუძვლად დღეს დილით ნიუსრუმში გიორგი აბაზაძესთან კამათი დაუდეს.

მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე გვეუბნება, რომ ბრძანება, რომელიც დირექტორმა გამოსცა,  კანონშეუსაბამოა.  მას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

"დირექტორს მოსმენილი არ აქვს განმარტებები არც იმისგან, ვისაც შეუჩერა უფლებამოსილება და არც მისგან, ვის გამოც შეუჩერა. გარდა იმისა, რომ სამართლებრივად გაწერილი არ არის ეს შეიძლება თუ არა, თეორიულადაც რომ ყოფილიყო შესაძლებელი, კონკრეტული მონაწილე მხარეების გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებოდა", - ამბობს იგი "მედიაჩეკერთან" საუბარში და ამატებს, რომ ბრძანებაში ასევე არ არის დასაბუთებული მიზანშეწონილობის საკითხი:

"არსებითი არის ის, რომ ამ შეჩერებით რა მოხდება, რა შედეგი დადგება, პოზიტივი რა იქნება, ბრძანებას რომ მიიღებ, უნდა იყოს რა უკეთეს შედეგს მიიღებ. ანუ თეონა ბაკურიძე ეთერში რომ აღარ გამოჩნდება, ამით აბაზაძე აღარ გაღიზიანდება?! უნდა დაასაბუთო ბრძანება".

გია ქარცივაძე ფიქრობს, რომ ეს არის ძალაუფლების დემონსტრირების და თანამშრომელთა დაშინების მცდელობა: "თეონა რადგან ხშირად ჩანდა ეკრანზე და გამოირჩეოდა კმამაღალი განცხადებებით, ეს არის უბრალოდ ანგარიშსწორება მასთან". 

ქარცივაძის განმარტებით, თეონა ბაკურიძეს შეუძლია ეს ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა, ცხადია, რომ პროცესები გაიწელება და სადღაც, რამდენიმე წლის მერე დამდგარ შედეგს ეფექტი უკვე აღარ ექნება.  




 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ