აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები უფლებებისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს
15.04.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირები “ალტერნატიულ საუბრებს” იწყებს. 17 აპრილიდან, ალტერნატიული პროფკავშირების ფეისბუკ გვერდზე აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესახებ ვიდეომასალები განთავსდება. ამის შესახებ განცხადება ალტერნატიულმა პროფკავშირებმა დღეს 15 აპრილს გაავრცელა.

პროფკავშირების განცხადებით, “ალტერნატიული საუბრების” მიზანი შრომითი უფლებების დაცვა და მაუწყებლის იდეის გადარჩენაა. ვიდეოკონტენტის გარდა, ფეისბუკ გვერდზე ონლაინ რეჟიმში დაიწყება „ალტერნატიული საუბრები - მალხაზ რეხვიაშვილთან ერთად“, რომელიც ოთხ ძირითად საკითხს მოიცავს:

“ა) მიმოვიხილავთ დასაქმებულთა შრომითი უფლებების უკანონო შეზღუდვის ფაქტებს, ბ) გაგაცნობთ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებას, გ) მოგიყვებით თანასწორობისთვის მებრძოლი ადამიანების ისტორიებს და დ) ზოგადად - ხელს შევუწყობთ საქართველოში პროფესიული გაერთიანების მექანიზმის გამოყენებას”, - წერია ალტერნატიული პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალტერნატიული პროფკავშირების თქმით, საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეულ შრომით უთანასწორობას და დამსაქმებელთა მხრიდან შექმნილი ვითარების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას.

განცხადებაში ასევე საუბარია ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე. ალტერნატიული პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მაუწყებელში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაკნინება და ხელმძღვანელი პირების მხრიდან ჟურნალისტების დევნა გრძელდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზიის ვებ მიმართულების ხელმძღვანელის, სოფო ჟღენტის ახალი ამბებიდან ჩამოშორებას ალტერნატიული პროფკავშირები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტად აფასებს.

“აქვე, გამოვთქვამთ გონივრულ მოლოდინს იმის შესახებ, რომ მალევე განხორციელდება შეტევები ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების იმ წევრებზე, რომლებიც ანალიტიკური გუნდის სახელით ამზადებენ გადაცემებს. მოვუწოდებთ ორგანიზაციის მენეჯმენტს, - შეწყვიტოს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა და საყოველთაო პანდემიის ფონზე იზრუნოს მაუწყებლის პრიორიტეტების შესრულებაზე”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 65-მა თანამშრომელმა ალტერნატიული პროფკავშირები 28 იანვარს დააფუძნა. ალტერნატული პროფკავშირების წევრები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი უფლებების დაცვაა და თანამშრომლებმა გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა მათი მოთხოვნები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ