თეონა თურმანიძეს აჭარა TV-ში წამყვანობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეეზღუდა
01.05.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანს, თეონა თურმანიძეს მენეჯმენტმა ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი თავად ავრცელებს.

21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თეონა თურმანიძე ეთერიდან ფეისბუქის სტატუსების გამო მოხსნეს. იგი ფიქრობდა, რომ მენეჯმენტი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ინტერნეტში/სოციალურ ქსელში ქცევის წესების (რომელიც მაუწყებლის ვებგვერდზე 20 აპრილს გამოქვეყნდა) დარღვევას ედავებოდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მენეჯმენტი თეონა თურმანიძეს ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს ედავება, სადაც წერია, რომ “არ ჩაიდინოს სამსახურში ან მის გარეთ (მათ შორის სოციალურ ქსელში) სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიმართულია დამსაქმებლის თანამშრომლის ან დამსაქმებლის დისკრედიტაციისაკენ”.

“ბუნებრივია, ვიდრე არ დამიკონკრეტეს, ისიც ჩემი მოთხოვნის შემდეგ, ჩავთვალე, რომ ამ წესისდარღვევას მედავებოდნენ… ამასობაში კი აღმოჩნდა რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილ ერთ ერთ პუნქტს მედავებიან” - თეონა თურმანიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მენეჯმენტმა ეთერიდან მოხნის შემდეგ, მეოთხე დღეს მიაწოდა.

მენეჯმენტი თეონა თურმანიძის 10 და 11 აპრილის გამოქვეყნებულ სტატუსებს ედავება, რომელშიც ტელეწამყვანი აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის, ვახტანგ ხუზმიაშვილისა და ვებპლატფორმის ხელმძღვანელის ნინო ხაჟომიას დანიშვნას ეხებოდა. თეონა თურმანიძე ამბობს, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ დირექტორის გადაწყვეტილებების გაკრიტიკება იყო და არა მაუწყებლის დისკრედიტაცია.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაცია რომ არ იყო ჩემი მიზანი, ეს ფაქტია. გავაკრიტიკე დირექტორის გადაწყვეტილებები და ეს გადმოიწერა ისე, თითქოს მე საზმაუს იმიჯი შევლახე”, - ამბობს თეონა თურმანიძე მედიაჩეკერთან საუბრისას.

მისივე თქმით, მენეჯმენტმა მას ანალიტიკურ გადაცემაში პროდიუსერობა ან რადიოში მუშაობა შესთავაზა. ამ ეტაპზე, გადაწყვიტა, რომ რადიოში მუშაობას დათანხმდეს:

“შემომთავაზეს ანალიტკაში პროდიუსერობა ან რადიო ან მე მომეფიქრებინა რამე, რადგან, როგორც ამიხსნეს, ჩემი რესურსის დაკარგვა არ უნდათ. ანალიტიკას არ დავთანხმდი, რადგან დარმწუნებული ვარ ეს გადაცემებიც აღარ იქნება მალე. რადიოში წამყვანის როლი ძალიან მწირია, მხოლოდ კითხულობ ტესტებს. ამდენად, შევთავაზე რადიოში გადაცემა, რაზეც გუშინ მივიღე თანხმობა, მხოლოდ ამიტომ ვთანხმდები ამ ეტაპზე აქ დარჩენას”, - ამბობს თეონა თურმანიძე.

თეონა თურმანიძე არ არის პირველი, ვის წინააღმდეგაც მენეჯმენტი დისციპლინურ წარმოება დაიწყო. გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;

ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ. ამ ბოლოს კი დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ