20-მდე მაუწყებელმა აჭარა TV-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ერთი წუთით ეთერი გათიშა
03.05.2020
დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ: (სიას შესაძლოა აკლდეს რომელიმე რეგიონული ტელევიზია)

  • TV პირველი
  • მთავარი არხი
  • ფორმულა
  • TV კავკასია
  • პალიტრა TV
  • TV25
  • TOK TV
  • ბორჯომი TV
  • გურჯაანი TV
  • მეგა TV
  • გურია TV
  • მეცხრე ტალღა
  • აგროგარემო
  • მეცხრე არხი
  • ოდიში TV
  • რიონი TV
  • მარნეული TV
  • თრიალეთი
  • იმერვიზია
  • თანამგზავრი.
ეთერი არ გათიშულა და მსგავსი წარწერა არ გაუშვიათ ტელეკომპანია "იმედს", "რუსთავი 2-ს", საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და "მაესტროს". 

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენება იყო.




ბოლო ერთი წელია აჭარის ტელევიზია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. გიორგი კოხრეიძე ცდილობს, მაუწყებელს ჩამოაშოროს ყველა ის კადრი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი.

მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, სამსახურადან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი; მის გათავისუფლებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა;

ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ასევე, საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანს, თეონა თურმანიძეს, ფეისბუკზე გამოქვენებული სტატუსების გამო, ტელევიზიის ეთერში მუშაობა და რეპორტიორობა ერთი წლით შეუზღუდა. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ