მუქარა ამოშანთვაზე, მხილება სიყალბეში - რას ემსახურება სატელევიზიო ომები
18.06.2020
ბოლო პერიოდში ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან, საეთერო დროის არცთუ უმნიშვნელო ნაწილს უთმობენ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე თავდასხმებს.

“პირდაპირ გეუბნები, ბატონო ნოდარ, და ვიღაცეებო “TV პირველში”, ვინც დარჩით მანდ, რომ, აი, ბოლომდე მივალ რა, არ გაგახარებთ, მართალი ვარ, მართლები ვართ, აი, როგორც მე, შალვა რამიშვილს მიყურებთ, ამოგშანთავთ რა, აი, გეუბნებით რა, ყველა კანონიერი მეთოდით, თქვენ ტელეეთერიდან არ უნდა იყოთ, ასეთი სიბინძურე და ქაქი არ უნდა მოედინებოდეს არც ერთი ტელევიზიიდან”, - განაცხადა გასულ პარასკევს ტელეკომპანია “POSTV-ს” ეთერში ამავე არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა.

რამიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში არაერთი სიუჟეტის გაშვება, რომელიც “TV პირველის” სარედაქციო გუნდის მიერ მომზადებული მასალების სიყალბესა და არაეთიკურობაში ბრალდებას ემსახურებოდა. “POSTV” ამ კუთხით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც “TV პირველის” საინფორმაციო მიმართულება “მთავარი არხიდან” გადასულმა გუნდმა ჩაიბარა, ნოდარ მელაძის ხელძღვანელობით.

“POSTV-მ” რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა “TV პირველის” მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც შეეხებოდა თბილისში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედრის აღმოჩენის ფაქტს. ამ ფაქტის გაშუქების დროს, “TV პირველმა” მიმართა სენსაციური გაშუქების ფორმას და არარელევანტურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ახალშობილის ცხედარი სამართალდამცველებმა ჯერ პოლიეთილენის პარკში გაახვიეს, შემდეგ კი - სანაგვე ურნაში ჩააგდეს.

ამ სიუჟეტის გამო “POSTV-ის” წარმომადგენლები “TV პირველის” საჯარო კრიტიკას მოითხოვდნენ არასამთავრობო სექტორისგან, სახალხო დამცველისგან და ა.შ. ასევე, მიუთითებდნენ მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევაზე და რეგირებისკენ მოუწოდებნენ კომუნიკაციების კომისიას. თუმცა, “POSTV-ს” წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავთ ქარტიის საბჭოსთვის, რომელიც არის უფლებამოსილი დაადგინოს კონკრეტული ჟურნალისტის მიერ ქარტიის ამა თუ იმ პრინციპის დარღვევის ფაქტი და რომელიც ამისთვის კოლეგიურად განიხილავს კონკრეტულ მედიაპროდუქტს. მაგრამ ამ განხილვისთვის აუცილებელია საბჭოს შესაბამისი განცხადებით მიმართოს ნებისმიერმა მოქალაქემ.

მოგვიანებით “POSTV-ის” ჟურნალისტებმა სიუჟეტების სერია მიუძღვნეს ტვ პირველის კიდევ ერთ მასალას, რომელიც შეეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში შესაძლო კორუფციულ სქემებს. “POSTV-ის” მტკიცებით, “TV პირველის” ეს მასალა იყო ე.წ. fake news.

ამავე პერიოდში ტელეკომპანია “პირველი” რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, მათ შორის იყვნენ, არხის სახეები - ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე და ვახო სანაია.

არხზე განვითარებულ პროცესებსა და შალვა რამიშვილის მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებს ორშაბათს ტელეკომპანია “პირველის” ყოფილი დირექტორი და ამჟამად ტოქშოუ “რეაქციის” ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

“ ბოლო პერიოდში დიდი შტურმია ჩვენზე: გვიტევს ხელისუფლება, გვიტევენ ტროლები, ბოტები, მეფის კარის კლოუნები, ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან… შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ, თქვენი მუქარები მეტად მესასაცილოება… შეცდომები ამ არხზეც დაგვიშვია და სხვა არხზეც, ამ შეცდომების გამო ცხარედაც გვიკამათია, გვიჩხუბია კიდეც და, ალბათ, კიდევ დავუშვებთ და გვაპატიეთ, თუ ყოველთვის ვერ ვართ უშეცდომოები... გვაკრიტიკეთ, ოღონდ ამოშანთვით ნუ დაგვემუქრებით”, - განაცხადა გრიგოლიამ.

გრიგოლიას მეორე დღეს, ასევე, სატელევიზიო ეთერში გამოეხმაურა შალვა რამიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ “პოსტვ”-ის ამოცანაა რეიტინგში მისი კონკურენტის “TV პირველის” მონაცემებისთვის გადასწრება სექტემბრისთვის, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს ქვეყანაში. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ნოდარ მელაძეს, მას ბრალი დასდო არაეთიკურობაში, ყალბი ამბების მომზადებაში და იქვე აღნიშნა, რომ მელაძე სწორედ ამ გზით ახერხებს რეიტინგული პროდუქციის შექმნას.

“TV პირველი” და “მთავარი” - არის “ნაციონალური მოძრაობის” სექტა… ჩვენი კონკურენტი ახლა არის “TV პირველი”, რომელიც ახლა იშხამება, იწამლება - სექტემბერში ჩვენ “TV პირველს” ვაჯობებთ - პირდაპირ გეტყვით ჩვენს ამოცანას”, - განაცხადა შალვა რამიშვილმა, რომელმაც იქვე ასე დაახასიათა “POSTV-ის” აუდიტორია: ის, ვისაც ეზიზღება “ნაციონალური მოძრაობა” და ის, ვისაც ჰქონდა პრეტენზია, ესენი ტყუილებს რომ იძახიან, რატომ არ პასუხობენო.

თუკი “POSTV-ის” აქტიური სამიზნე ბოლო პერიოდში “TV პირველია”, რომლის კრიტიკული სიუჟეტების ანალიზს და მათზე სახელისუფლებო რაკურსით პასუხების მომზადებას არაერთ მასალას უძღვნის, ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია დაამკვიდრა ტელეკომპანია “იმედმა” “მთავარ არხთან” მიმართებაში. “მთავარი არხის” დირექტორის, ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების კრიტიკა, მათი მხილება სიყალბეში, არაერთხელ გამხდარა “იმედის” გადაცემების მთავარი თემა. როგორც წესი, “იმედი” აქტიურად იცავს სახელისუფლებო პოზიციებს, როდესაც “მთავარი არხი” ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზე ამზადებს კრიტიკულ მასალებს და ა.შ.

მთელ ამ ურთიერთდაპირისპირებაში რა თქმა უნდა დაზარალებული რჩება მაყურებელი, რომელიც ვერ იღებს ზუსტ, მიუკერძოებელ, დაბალანსებულ ცნობებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თანაც იმ ფონზე, როდესაც ტელევიზიები საქართველოში კვლავ რჩებიან ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ