„პირდაპირ პოლიტიკურ გავლენას ვერ ვხედავ“- გია მურღულია საზმაუს სარედაქციო პოლიტიკაზე
19.06.2020
“საინფორმაციო პოლიტიკა პირველი არხის არის საკმაოდ დაბალანსებული, ვერ ვხედავ უფრო მეტად დაბალანსებულ ასეთ პოლიტიკას ნებისმიერ სხვა ტელევიზიაში”, - ასე უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველმა გია მურღულიამ კომისიის წევრის შეკითხვას - არის თუ არა მაუწყებელი თავისუფალი კომერციული და პოლიტიკური გავლენისგან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებთან დღეს, 19 ივნისს, გასაუბრება გამართა. კანდიდატებმა კომისიას მაუწყებლის განვითარების კონცეფცია წარუდგინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პირველ ნაწილში, პირველ შესვენებამდე, კომისია 4 კანდიდატს გაესაუბრა: ზაზა აბაშიძეს, ნათია კაპანაძეს, გრიგოლ (გია) მურღულიას და ბონდო მძინარაშვილს. მათგან, კომისიის წევრებს ყველაზე მეტი შეკითხვა გია მურღულიასთან ჰქონდათ.

კომისიის ერთ-ერთი წევრის გიორგი ნონიაშვილის შეკითხვის პასუხად, გია მურღულიამ დაადასტურა, რომ ის მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის ახლო მეგობარია. მისივე კითხვას - არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან მრავალწლიანი მეგობრობა ხელს შეგიშლით სამეურვეო საბჭოს წევრის მოვალეობის პირნათლად შესრულებაში? უპასუხა, "ჩემი აზრით მეგობრობა არ არის ინდულგენცია ცუდი საქმეების გასაკეთებლად. მე არ მიცხოვრია ასე, რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს ამაში და ვფიქრობ, რომ არც ახლა ღირს უფრო მეტი სიტყვის თქმა".

გიორგი ნონიაშვილმა გია მურღულიას ჰკითხა, სამურვეო საბჭოს წევრი რომ იყოს, რა შემთხვევაში დააყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს, რაზეც მურღულიამ უპასუხა:

"როგორც კი დავაყენებ ამ საკითხს, იმ წუთას გადავდები მეც, იმიტომ, რომ თუკი ბატონო ვასილი ჩაიდენს ისეთ დანაშაულს, რომელიც არ ეკადრება არც მის სახელს და არც ჩვენს მეგობრობას, მაშინ ეს ჩვენთვის ორივესთვის პრობლემა იქნება. პირველ რიგში ასეთ საკითხს დავაყენებდი იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ა) ბიუჯეტი არ იქნებოდა გამჭვირვალე, და ბ) თუკი პროგრამული მიმართულებებით განსაზღვრული ღირებულებები და მიზნები არ იქნებოდა ხარისხიანად მიღწეული".

ასევე ნონიაშვილის კითხვას, არის თუ არა ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი კომერციული და პოლიტიკური გავლენისგან, გია მურღულიამ უპასუხა, რომ ის ვერ ამჩნევს "ისეთ პოლიტიკურ გავლენას, ან ისეთ კომერციულ გავლენას, რომელზედაც ეღირებოდა ყურადღების უფრო მეტად გამახვილება, ვიდრე ახლა მახვილდება".

"რასაკვირველია, მუდმივად საზოგადოება უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ ასეთი გავლენებისაგან თავისუფალი იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ პოლიტიკურ გავლენას ვერ ვხედავ მე სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ საინფორმაციო პოლიტიკა პირველი არხის არის საკმაოდ დაბალანსებული, ვერ ვხედავ უფრო მეტად დაბალანსებულ ასეთ პოლიტიკას ნებისმიერ სხვა ტელევიზიაში", - განაცხადა გია მურღულიამ.

ნონიაშვილმა მას ზვიად რატიანის საქმესა და ამ საქმის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქებაზეც დაუსვა კითხვა, რის პასუხადაც მეურვეობის მსურველმა განაცხადა:

"რომ გითხრათ რომ, ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, არა რასაკვირველია. მაგრამ, ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ყველა მოვლენა, ყველა ფაქტი, რაც კი შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, უნდა შეფასდეს კანონის შესაბამისად. თუკი ადამიანი, ან ორგანიზაცია იქცევა კანონის შესაბამისად, მაშინ მე მასთან პრეტენზია არ მაქვს და ვერც მექნება", - და ნონიაშვლის დაკონკრეტებაზე, რომ მან მაუწყებელი იგულისხმა და არა სამართალდამცავი ორგანიები, მურღულიამ განაცხადა, რომ "მისი პასუხი თანაბრად ეხება ყველას".

სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება ახლაც გრძელდება.




შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს:

  1. ზაზა აბაშიძე
  2. თამარ ამაშუკელი
  3. ნათია კაპანაძე
  4. გრიგოლ მურღულია
  5. ბონდო მძინარაშვილი
  6. ოთარ შაორშაძე
  7. დოდო შონავა
  8. კონსტანტინე (კოტე) ჩლაიძე
  9. ნინო ჭალაგანიძე
  10. ზაურ ხალილოვი

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ მეურვეობის მსურველთა კონცეფციებს


კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა კი ასეთია:

1. ეკა ხოფერია – ჟურნალი “სითის” რედაქტორი და დამფუძნებელი;
2. სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი;
3. მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
4. თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
5. დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
6. მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის სერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
7. ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
8. ანი კიკნაძე – მედიაკავშირი “ობიექტივი”, საინფორმაციო სამსახურის უფროსი;
9. გიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისია უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება. ერთი და იგივე პირი კი მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება აირჩეს.


სარედაქციო შეიშვნა: ვინაიდან გასაუბრება ჯერ არ დასრულებულა და ისევ გრძელდება, "მედიაჩექერი" აგრძელებს თემაზე მუშაობას და შემოგთავაზებთ საინტერესო პასუხებს სხვა კანდიდატებისგანაც.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ