ე.წ. საბოტაჟის საქმეს TI სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და თვითცენზურის საფრთხედ აფასებს
02.07.2020
"მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს", - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიების პროცესი კითხვებს აჩენს. 

"მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს. ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა სახიფათო პრეცედენტს ქმნის და „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს აჩენს", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სიუჟეტში მოყვანილ შესაძლო დანაშაულებზე (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სტატისტიკის გაყალბებასა და შესაძლო სამოხელეო დანაშაული) რეაგირების ნაცვლად, საბოტაჟის მუხლით გამოძიების წარმართვა არალოგიკურად გამოიყურება. 

"აღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება არა ფაქტების დადგენას, არამედ მედიის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას, სხვა ტელევიზიებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავნასა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შეკავებას ისახავს მიზნად", - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

TI-ს შეფასებით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტებს ქმნის და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მედიაგარემოს.

"მოახლოებული არჩევნების ფონზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტის როლი და უზრუნველყოს მედიის შეუფერხებელი საქმიანობა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

შეგახსნებთ, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული რეპორტაჟის სრული, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ამოიღოს. მაუწყებლის დირექტორი, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ქმედება არხის დისკრედიტაციას და მათ დაშინებას ემსახურება.

საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტს „ნაყიდი COVID-19“. სიუჟეტში რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ, მათ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ. 
ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით და ამ გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარა.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

აჭარის TV-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გათავისუფლებული 3 თანამშრომელი არხზე დააბრუნოს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სამსახურში დააბრუნოს სამი გათავისუფლებული თანამშრომელი: ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე, რომელთა გათავისუფლებასაც საპროტესტო აქცია და ასევე, მათი დაბრუნების მოთხოვნით, 230 თანამშრომლის მოთხოვნა მოჰყვა. კონკრეტულად რა პოზიციაზე აბრუნებენ  ყოფილ თანამშრომლებს, იმ განცხადებიდან რაც გამოქვეყნდა, ძნელად ირკვევა, ამ დრომდე ასევე უცნობია დასთანხმდებიან თუ არა მენეჯმენტის შეთავაზებას გათავისუფლებული თანამშრომლები. ეს იმ ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული, რომელიც მათ ხვალ უნდა მიიღონ, ამ დრომდე არცერთ მათგანს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. 

ინფორმაცია მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, დღეს, 4 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. მაუწყებელმა ადმინისტრაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

რა პოზიციებზე დაბრუნებას სთავაზობენ გათვისუფლებულ თანამშრომლებს, ტექსტში ბუნდოვანია: 
 
"მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ "ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან".


"მედიაჩეკერი" შეეცადა მაუწყებლის საკადრო სამსახურში გადაემოწმებინა რას გულისხმობს განცხადება, რა პოზიციებზე ბრუნდებიან გათავისუფლებული თანამშრომლები, თუმცა, ემზარ პაქსაძის, აჭარის ტელევიზიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელის მობილური ტელეფონი გამორთულია. დეტალების დაზასუტებლად კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც (იმ მოტივით, რომ ეს თანამშრომლები მას არ ექვემდებარებიან) და იურიდიული სამსახურის უფროსმაც მასთან გადაგვამისამართა. 

სამსახურიდან გათავისუფლებულმა გიორგი მურვანიძემ "მედიაჩეკერთან" განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რისი თქმაც შეუძლია, არის მხოლოდ ის, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და მისი პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი. 

ასევე ხვალ გადაწყვეტს დასთანხმდება თუ არა შეთავაზებას, ბაჩო გურაბანიძე. 

"ჯერჯერობით საბოლოო ვერსია ხელშეკრულების, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, არ მინახავს, ამ წუთში ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. იყო ზეპირი საუბარი, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცებზე ვერა. ხვალ, როცა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას ვნახავ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ხვალ დილით იქნება ხელშეკრულება მზად, კარგად გავეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ "მედიაჩეკერთან".  

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში,  230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს. 

წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა
წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ, დღეს დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა და “დღის ამბების” გამოშვება წაიყვანა. ტრაპაიძის მაუწყებელში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 ივლისს გავრცელდა.

დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი” 15 ივნისს დატოვა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. მაუწყებლიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს:

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა. პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერდა დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძის განცხადებას წინ უსწრებდა ტელეწამყვანების - ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას, ასევე, გადაცემა „პოლიტმეტრის“ გუნდის “ტვ პირველიდან” წამოსვლა. ტელეკომპანიაში ეს ცვლილებები დროში დაემთხვა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლას.
“ტაბულას” რეადქტორი სამი თვით პოსტს ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება
ონლაინგამოცემა “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სამი თვით პოსტს ტოვებს და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო კამპანიაში ერთვება. გამოცემის რედაქტორი ამ დროის განმავლობაში "ტაბულას" ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე იქნება.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები - სანამ კამპანიაა. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

230 თანამშრომელი აჭარა TV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, დღეს 230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ხელმომწერები მაწუყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი - შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე 30 ივლისს გაათავისუფლეს. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, თანამშრომლები შიდა მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც მაუწყებელში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს EMC იცავს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

“პირველადი სამართლებრივი შეფასებით, მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომას, ყველა შესაძლო საშუალებებით მოახდინოს მაუწყებლის განეიტრალება კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტებისგან და სამსახურიდან გათავისუფლებით, როგორც ყველაზე მკაცრი სანქციით, მათი სამაგალითო დასჯა.”

30-31 ივლისს მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა” აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“.


მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზიიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს, პროფკავშირები აქციებს აანონსებს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს– შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ბაჩო გურაბანიძემ 30 ივლისს ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.



იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა:

“ის რაც მოხდა, არ შეიძლება რომ დარჩეს რეაგირების გარეშე და ამას უნდა მოყვეს პერმანენტული აქციები. ამ აქციებს ვაანონსებთ მაუწყებლის თანამშრომლები განურჩევლად იმისა, თუ რომელ პროფკავშირში ვერთიანდებით” - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, პროფკავშირებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს - დაუყოვნებლ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები, გადადგეს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ჩაერთოს ბორდი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში.

“მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რომ ჩაერთოს პროცესში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ მაუწყებელში მდგომარეობა დასტაბილურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პერმანენტული აქციების მოთხოვნა იქნება მათი დათხოვნაც” - განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა და მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიის შენობის წინ სიმბოლუირად ღამე გაათენა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ .