აჭარის ტელევიზიიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს, პროფკავშირები აქციებს აანონსებს
31.07.2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს– შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ბაჩო გურაბანიძემ 30 ივლისს ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.



იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა:

“ის რაც მოხდა, არ შეიძლება რომ დარჩეს რეაგირების გარეშე და ამას უნდა მოყვეს პერმანენტული აქციები. ამ აქციებს ვაანონსებთ მაუწყებლის თანამშრომლები განურჩევლად იმისა, თუ რომელ პროფკავშირში ვერთიანდებით” - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, პროფკავშირებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს - დაუყოვნებლ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები, გადადგეს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ჩაერთოს ბორდი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში.

“მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რომ ჩაერთოს პროცესში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ მაუწყებელში მდგომარეობა დასტაბილურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პერმანენტული აქციების მოთხოვნა იქნება მათი დათხოვნაც” - განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა და მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიის შენობის წინ სიმბოლუირად ღამე გაათენა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ .

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ