ზემო სვანეთში სათემო რადიო “ლილე” იწყებს მაუწყებლობას
10.09.2020
ფონდია “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სათემო რადიოს ქმნის. რადიო “ლილე” ქართულ და სვანურ ენებზე იმაუწყებლებს.

“მთის ამბების” ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რადიო სატესტო რეჟიმში დაიწყებს მაუწყებლობას და სხვადასხვა ტიპის სამ გადაცემას მოამზადებს: საინფორმაციო გამოშვებას და ორ გადაცემას - „ღია სტუდია“ და “ლილე”.

საინფორმაციო გამოშვება, ეთერში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 18:00 საათზე გავა და მსმენელს ამბებს არამხოლოდ სვანეთიდა, არამედ მთელი საქართველოდან გააცნობს. გადაცემა „ღია სტუდია“ ოთხშაბათობით გავა ეთერში და სტუმრებთან ერთად, რეგიონის მთავარ თემებს განიხილავს. გადაცემა “ლილე” კი, ყოველ პარასკევს, ადგილობრივი უხუცესების მონაწილეობით, სვანური კულტურის, ტრადიციებისა და წესების შესახებ მოუყვება მსმენელს.

რადიო „ლილეს“ შექმნის ინიციატორი ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 2020 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა. “მთის ამბების” ინფორმაციით, სვანეთის სათემო რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სვანური ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას.

ამ დროისთვის საქართველოში ოთხი სათემო რადიო ფუნქციონირებს. ნინოწმინდაში - რადიო “ნორი”, პანკისში - “რადიო WAY”, გორში - “მოზაიკა” და საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია”.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით ახორციელებს მთაში ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის პროექტს, რომლის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ