საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა 8 კანდიდატს სურს
18.09.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 8 კანდიდატის განცხადება შევიდა. კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღების ვადა 17 სექტემბერს ამოიწურა, ვინ არიან კონკურსანტები, ამ ეტაპზე უცნობია.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭომ დირექტორობის მსურველთა სია კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს, მომდევნო 7 დღის განმავლობაში კი გენერალური დირექტორი აირჩიოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ “მედიაჩეკერს” განუცხადა, რომ კონკურსში მონაწილეთა სია სავარაუდოდ, ხვალ, 19 სექტემბერს გასაჯაროვდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

განცხადებაში, რომლითაც მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს მიმართა, წერს, რომ გადადგომის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არჩევნების გაშუქების პროცესში პირველი არხის მიუკერძოებლობის საკითხზე კითხვები არ გაჩენილიყო:

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

ახალი დირექტორის არჩევამდე, გენერალური დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ