"ვგმობთ ჟურნალისტის უკანონო მოსმენის ფაქტს", - ქარტია
29.10.2020

„ქარტია გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს", - ამ ქანცხადებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა.

დღეს, 29 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს, დამადასტურებლად კი ჟურნალისტსა და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი დაასახელა. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, რომელსაც კობახიძე ახსენებდა, თქვა, რომ ეს, ფაქტობრივად, არის დადასტურება, რომ მას უსმენენ, რადგან სატელეფონო საუბარი მასა და ოპოზიციონერს შორის ნამდვილად შედგა. გოგელია ამბობს, რომ იცოდა რომ უსმენდნენ, თუმცა, არ ეგონა, რომ ამას ასე ღიად აღიარებდნენ.

ნატო გოგელია ამბობს, რომ მომხდარი რეაგირების გარეშე არ დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. იგი მოუწოდებს საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ