OC Media-ზე ჰაკერული თავდასხმები გახშირდა - გამოცემა ამას ყარაბაღის ომის გაშუქებას უკავშირებს
29.10.2020
დღეს, 29 ოქტომბერს OC Media-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. გამოცემის მენეჯმენტი მომხდარს ყარაბაღის ომის გაშუქებას უკავშირებს.

“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ობიექტურად გავაშუქოთ და ზუსტად წარმოვაჩინოთ ორივე მხარის პოზიციები და მოქმედებები. ეს კი ყოველთვის პოპულარული არ არის”, - ამბობს OC Media-სთან გამოცემის ინგლისურენოვანი სამსახურის მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო.

OC Media-ზე კიბერთავდასხმა ამ თვეში მეორედ განხორციელდა. გამოცემის თანადამფუძნებელი და მენეჯერი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია, სამართალდამცავი უწყებებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ, თუმცა აპირებენ.

“კიბერშეტევა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოხდა, პირველად 5 ოქტომბერს და მეორედ - დღეს. ჩვენ ვუკავშირებთ ომის გაშუქებას. დავადასტურეთ IT ჯგუფის საშუალებით, რომ ეს იყო კიბერშეტევა. საიდან მოხდა, ეს ჯერ ვერ დავადგინეთ. ამ ეტაპზე აღმოვფხვერით ეს პრობლემა”, - ამბობს მარიამ ნიკურაძე.

OC Media ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის ახალ ამბებსა და უნიკალურ ისტორიებს იქაური პრობლემების, ხალხისა და კონფლიქტების სიღრმისეული ანალიზით აშუქებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ