პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა - წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში
29.10.2020
"მკვეთრად გაიზარდა პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ ოპოზიციის ნეგატიურად გაშუქების და დისკრედიტაციის ფაქტები, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელევიზიებმა გაზარდეს ნეგატიური ტონი მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ”, - წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური შედეგები აჩვენებს, რომ მონიტორინგის პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო ახალ ამბებში პოლარიზების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა.

ანგარიშში, რომელიც დღეს, 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ წინა პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო ახალ ამბებში ეთიკური დარღვევის ფაქტებიც გაზრდილია. გარდა ამისა, წინა პერიოდის მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

12 ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რომელიც ყველაზე დადებითად POSTV“-ზე გაშუქდა (51 %), ყველაზე უარყოფითად კი „მთავარი არხის“ ეთერში (70%). ასევე, „იმედის“ ეთერში პოზიტიური იყო მთავრობისთვის დათმობილი დროის 50 %.

დროის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ შემდეგ, ყველაზე მეტი დრო „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ევროპული საქართველოს“ დაეთმო . „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გაშუქდა „მთავარი არხის“ ეთერში, დათმობილი დროის 19 % პოზიტიური იყო. „ევროპულ საქართველოს“ კი ყველზე მეტი დრო „ფორმულამ“ დაეთმო და ყველაზე პოზიტიურადაც ,, ფორმულაზე” გაშუქდა - დადებითი ტონის მაჩვენებელმა 5 %-ზე ოდნავ მეტი შეადგინა.

ორივე პარტია ყველაზე უარყოფითად ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა - „ნაციონალური მოძრაობა“ 97%-ით, „ევროპული საქართველო“ კი - 87 %.

ძირითადი მიგნებები:

  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად „POSTV“-ზე გაშუქდა (51 %)
  • „მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების“ გაშუქების უარყოფითი ტონი ყველაზე მეტი 70 % იყო. კრიტიკული სიუჟეტები ,,ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გაშუქდა „მთავარი არხის“ ეთერში, დათმობილი დროის 19 % პოზიტიური იყო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა 97 %.
  • „ევროპულ საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. ყველაზე პოზიტიურადაც „ფორმულაზე” გაშუქდა და დათმობილი დროის 5 %-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ევროპული საქართველო “ყველაზე უარყოფითად (87 %) „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა.
  • პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 5% -მდე შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას ჰქონდა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ (29 %).
  • „იმედის“ ეთერში პოზიტიური იყო მთავრობისთვის დათმობილი დროის 50 %.
  • მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო „მთავარმა არხმა“ დაუთმო. ყველაზე დადებითად მიხეილ სააკაშვილი "მთავარი არხის” ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროსი 29 % პოზიტიური იყო.
  • მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უარყოფითად POSTV-ზე გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 83% ნეგატიური იყო .
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი აქვს „ფორმულას“. მისთვის დათმობილი დროის 73 % უარყოფითი იყო.
  • წინა წლების მსგავსად ობიექტივი ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას „პატრიოტთა ალიანსის“ ყველაზე მეტი დრო ,,ობიექტივზე“ დაეთმო და მისთვის დათმობილი დროის 51 % დადებითი იყო.
  • მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიმცირე სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა პერიოდთან შედარებით შეიმჩნევა ეთიკური დარღვევების ფაქტების მატება.
  • მონიტორინგის პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით სატელევიზიო ახალ ამბებში პოლარიზების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. მკვეთრად გაიზარდა პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ ოპოზიციის ნეგატიურად გაშუქების და დისკრედიტაციის ფაქტები, ისევე, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა სატელევიზიო ახალი ამბები 5 განწყობილმა ტელევიზიებმა გაზარდეს ნეგატიური ტონი მმართველი პარტიის და მთავრობის მიმართ.
  • წინა სამონიტორნგო პერიოდთან შედარებით თითქმის არ გვხვდება გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უკომენტაროდ გაშუქება.
  • მონიტორინგის წინა პერიოდის მსაგავსად, საინფორმაციო გამოშვებებში ისევ დაფიქსირდა ქსენოფობიური შინაარსის შემცველი მასალების ტირაჟირება 

მონიტორინგის შესახებ:

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის შუალედური შედეგები დღეს 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ანგარიში მოიცავს 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.

მონიტორები 12 სატელევიზო არხს აკვირდებოდნენ: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

მთავარი სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი 15 ივნისს დაიწყო. პირველი შუალედური ანგარიში კი 24 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ