რომელ ტელევიზიებში დახარჯეს პარტიებმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეკლამო დაფინანსება
02.12.2020

პოლიტიკური პარტიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა მათი სატელევიზიო რეკლამისთვის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 8 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო შესაბამისი დაფინანსება. კონტრაქტები კი 32 მაუწყებელთან გაფორმდა.

საარჩევნო სუბიექტების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 477,739 ლარი “მთავარმა არხმა” მიიღო. სხვა ეროვნული მაუწყებლების მიერ მიღებული დაფინანსება ასე გადანაწილდა:

  • მთავარი არხი - 477,739 ლარი 
  • ტელეიმედი - 295,422 ლარი
  • ტვ პირველი - 235,000 ლარი
  • ფორმულა - 73,000 ლარი
  • კავკასია - 34,080 ლარი

“მთავარ არხზე” პოლიტიკური რეკლამა განათავსეს ენმ-მ, ედპ-მ, ევროპულმა საქართველომ (ევსაქ), მოძრაობამ თავისუფალი საქართველოსთვის (მთპ) და ლეიბორისტულმა პარტიამ.

“იმედზე” კი სარეკლამო მომსახურებით ისარგებლეს პატრიოტთა ალიანსმა (სპა), ევროპულმა საქართველომ და მოძრაობამ თავისუფალი საქართველოსთვის.

“ქართულ ოცნებას” არც ერთ ეროვნულ მაუწყებელში არ განუთავსებია საბიუჯეტო დაფინანსებით პოლიტიკური რეკლამა. ამასთან სარეკლამო კონტრაქტი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუფორმებია საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-თან".

რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, ჯამურად ყველაზე მეტი დაფინანსება - 225,373 ლარი ტელეკომპანია “დიამ” (შიდა ქართლი) მიიღო. ამ თანხის უმეტესი ნაწილი - 172,316 ლარი ამ ტელევიზიაში შოთა მალაშხიას ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ (ქკპ) დახარჯა.

“დიას” შემდეგ ყველაზე მეტი დაფინანსება - 91,408 ლარი პოლიტიკური პარტიებისგან ტელეკომპანია “რიონმა” (იმერეთი) მიიღო. მას მოსდევს "ტვ25" (აჭარა), რომელთანაც პარტიებმა 85,389 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს. ტოპ-ხუთეულში არიან ასევე “მეგა ტვ” (იმერეთი) - 51,398 ლარის ღირებულების კონტრაქტით და “თრიალეთი” (შიდა ქართლი) - 45,678 ლარის ღირებულების კონტრაქტებით.

სხვა რეგიონულ მაუწყებლებთან პოლიტიკური პარტიების მიერ გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტები, რომლებიც ცესკოს წარედგინა, თანხების მიხედვით ასე გადანაწილდა:

alt


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის განსათავსებლად არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების დღემდე, ხოლო განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე.

კანონის ამ მუხლით გათვალისწინებულ თანხას იღებენ მხოლოდ კვალიფიური პარტიები. კანონის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

კანონის ამ მუხლით მიღებული დაფინანსების ფარგლებში ყველაზე მეტი თანხა 599,579 ლარი დახარჯა სატელევიზიო რეკლამაში ენმ-მ გასულ ადგილობრივ არჩევნებში მასთან ერთად ბლოკში მონაწილე 2 პარტიასთან (ედპ და ქრისტიან-კონსერვატიული პარტია) ერთად; 559,638 ლარი დახაჯრა “ქართულმა ოცნებამ”; 468,494 ლარი - “ევროპულმა საქართველომ” ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მასთან ერთად მონაწილე გაერთიანებსთან - “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” ერთად; 295,510 ლარი - “პატრიოტთა ალიანსმა” და 146,981 ლარი - ლეიბორისტულმა პარტიამ.




რედ.: ქავერზე გამოყენებულია "ნეტგაზეთის" ფოტო

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ