ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
26.02.2021
ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაზე ბრალდებულებს, აღმკვეთი ღონიძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 26 თებერვალს გამოაცხადა.

ბრალდებულები ბრალდებას არ აღიარებენ. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

“კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგი”, “ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი”, “პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგი” - ასე აფასებენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ