ხელისუფლების აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგი - NGO-ები სანაიაზე თავდასხმაზე
25.02.2021
“კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგი”, “ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი”, “პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგი” - ასე აფასებენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” (TI) მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა ხელისუფლების იმ აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილია, რომელიც მიმართულია კრიტიკული მედიის, ჟურნალისტების თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. შედეგად კი, მსგავსი სახის ძალადობის წახალისება ხდება, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

“ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც პირველ რიგში კრიტიკული აზრის გამოხატვას და თავისუფლად გავრცელებას გულისხმობს. მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა”, - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. “კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს.

“ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში.”

მედიაკოალიციის მსგავსად, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) ჟურნალისტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევებზე არაეფექტიანი გამოძიების პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფაქტები ახალისებს დაუსჯელობის გარემოს და ქმნის მტრულ საინფორმაციო და სოციალურ კლიმატს.

“ჩვენი აზრით, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგია, რომელიც ძალადობის და დაპირისპირების რისკებს მიკრო-სოციალურ დონეებზეც აჩენს და არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია აქტორებისთვის.”

„უფლებები საქართველოშიც“ საგანგაშოდ აფასებენ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გახშირებას და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად და ეფექტიანად წარმართონ გამოძიება ამ და მსგავს მიმდინარე საქმეებზე. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოხატავს, სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დაზარალებულ პირებს.

ცოტა ხნის წინ ვახო სანაიაზე თავდასხმას ტვიტერზე გამოეხმაურა მედიის თემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) და ხელისუფლებას გამჭვირვალე და დამოუკიდბეელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ