ცვლილებები გუნდში და საეთერო ბადის განახლება - რას გეგმავენ რ 2-ში
05.03.2021
ტელეკომპანია “რუსთავი2-ზე” სტრუქტურული რეორგანიზაცია იგეგმება. არხის დირექტორის თქმით, ცვლილებები შეეხება სამაუწყებლო ბადეს, გუნდის წევრების უფლებამოვალეობებს და დიდი ალბათობით, გუნდის შემადგენლობასაც. დირექტორი ირწმუნება, რომ მასობრივ შემცირებებს არ გეგმავენ.

“რუსთავი 2-ში” მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ონლაინგამოცემა “ტაბულამ” გაავრცელა. გამოცემამ მოპოვა დირექტორის ხელმოწერილი ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “კოვიდ-პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირებისა და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია არხზე გაუმჯობესდეს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციონირება და კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის ოპტიმიზაცია”.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი პაატა სალია “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ რეორგანიზაციის მთავარი მიზანი საეთერო ბადის განახლება და არხის სტრუქტურულად დახვეწაა.

“ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებლობას რაიმე საფრთხე ემუქრება, პირიქით - ვფიქრობთ, გავზარდოთ ეთერში არსებული პროდუქტების რაოდენობა და უფრო მეტად ორგანიზებული იყოს სტრუქტურა, ეს არის ამოცანა. ყველა ადამიანს ჰქონდეს გაწერილი თავისი პოზიციის შესაბამისი ვალდებულებები, უფლებამოვალეობები და ა.შ. რომ მოვიდეს შესაბამისობაში მათი სამსახურეობრივი უფლებამოვალეობები, აღრიცხვის წესი, სამუშაო საათები და ა.შ. ჩვენი სტრუქტურა საჭიროებს დახვეწას”.

მისივე თქმით, შარშანდელი წელი ძალიან დატვირთული იყო და, ძირითადად, მობილიზებულნი იყვნენ, რომ სატელევიზიო ბადე შეევსოთ და ეთერში პოლიტიკური ტოქშოუ დაემატებინათ: “აქამდე ვერ მოვიცალეთ ამისთვის და ახლა ვფიქრობთ, რომ არის შესაბამისი დრო და, ალბათ, ერთ თვეში ამ ყველაფერს დავალაგებთ. გამოვყავით შიდა ჯგუფი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ მოვახდინოთ სწორად დაგეგმარება.”

ჩვენს კითხვაზე, რეორგანიზაცია შეეხებათ თუ არა მაუწყებლის თანამშრომლებს და იგეგმება თუ არა გუნდის შემცირება ან პირიქით - გაზრდა, პაატა სალია გვპასუხობს, რომ არ გამორიცხავს, გარკვეული ცვლილებები მოხდეს სტაფის შემადგენლობაში, თუმცა, ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული:

“მასობრივი გათავისუფლება არ იგეგმება, საუბარი იყო თანამშრომლების გარკვეულწილად დამატებაზეც, ოღონდ ვნახოთ, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. არ არის განზრახვა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვათ”.

მაუწყებლის დირექტორი ამბობს, რომ რეორგანიზაცია სამაუწყებლო ბადეში ცვლილებებსაც მოიაზრებს:

“ბადეში ცვლილებები ისედაც იგეგმება იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბრის ბოლოს კომედი ჯგუფმა დაგვტოვა და გადავიდა სხვა არხზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, ამ ჟანრის გადაცემები შეიძლება დავამატოთ, გასართობი გადაცემები. ამ ეტაპზე ჩვენი ბადე საჭიროებს გადახალისებას, გამრავალფეროვნებას და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დავაანონსებთ ახალ გადაცემებს და გაიგებს ამის შესახებ მაყურებელი, თუ რითი შეივსება ჩვენი სამაუწყებლო ბადე. შეიძლება ერთი-ორი თვე დასჭირდეს ამ ყველაფერს. უკვე ვმუშაობთ გარკვეულ პროექტებზე”.

ორგანიზაციული ცვლილებების ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა. ჩვენს კითხვაზე, რას უკავშირებს რეიტინგების კლებას და რას გეგმავენ ფინანსური რესურსის გასაუმჯობესებლად, სალია გვპასუხობს:

“მას შემდეგ, რაც არხი ორად გაიყო, რეიტინგიც, ფაქტობრივად, ორად გაიყო. დღეს რომ შეხედოთ რეიტინგებს, “იმედი” დარჩა პირველ ადგილზე და, შესაბამისად, მეორე ადგილზე არის კონკურენცია ჩვენსა და “მთავარს” შორის. ფაქტობრივად, ორად გაიყო არხი და მივიღეთ ორად გაყოფილი რეიტინგი, რაც თავისთავად ამცირებს სარეკლამო შემოსავალს. ისედაც შემცირდა შემოსავალი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე და, შესაბამისად, შემცირდა ის ფინანსური რესურსიც, რომლის მოზიდვაც შეგვიძლია კომპანიაში. აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ ისეთი გადაცემების შემუშავებას და ისე დალაგებას სტრუქტურის, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი ეფექტი მივიღოთ.”

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწვდილი ინფორმაციის მიხედვით, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი შემცირდა. 2020 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ტელევიზიებმა ჯამში 42,204,809 ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად, 9.4 მილიონი ლარით შემცირდა “რუსთავი 2”-ის სარეკლამო შემოსავალი და 7,689,254 ლარი შეადგინა.

"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა. რის შემდეგაც ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ