“ვერ აიღებთ ძალით, ვერავინ ვერასოდეს დახურავს “ტვ პირველს” - ინგა გრიგოლია
11.03.2021

ტელეკომპანია პირველის ერთ-ერთი წამყვანი ინგა გრიგოლია ხელისუფლებას მიმართავს არ გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომები. 


სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც დღეს TV პირველის დამფუძნებელმა და ჟურნალისტებმა გამართეს, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მათ მედიასთან ბრძოლის ბევრი გზა უნახავთ, ბევრი რამ აქვთ გამოცდილი საკუთარ თავზე და გავლილი, იმისათვის, რომ ამ ბრძოლისთვის მზად იყვნენ და ტელევიზია არ დათმონ.

“გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ ძალიან გამოწრთობილი თაობა, ამ ბრძოლისთვის რომ ვიყოთ მზად და გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიას, რომელიც ამ ხელებით გვაქვს აშენებული”.

გრიგოლია ამბობს, რომ შეტევას ელოდებოდა და პროკურატურის განცხადებებზე, რომ TV პირველში შეჭრას არ აპირებენ, კითხულობს, მაშინ რას ნიშნავს ის ჩანაწერი, რომელიც არის განჩნებაში იძულებით აღსრულებასთან და პროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

“მინდა გითხრათ, ბევრი მთავრობა მინახავს მე პირადად, ძალიან ძლიერი რომ ეგონა თავისი თავი, ძალიან მაგარი რომ ეგონა, ძალიან დიდი ფულის პატრონები რომ იყვნენ. Შემდეგ ისე წასულან ეს მთავრობები, ეს პოლიტიკოსები, ეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მათი 70% ალბათ დღეს თავადაც ვერ იჯერებს, რომ როდესმე ქვეყნის მმართველობაში იყვნენ.
 
ასე რომ, ნუ გაიმეორებთ ისტორიას, ბატონო ხელისუფლებავ!

ვერ აიღებთ ძალით, გაძლევთ პირობას, ვერავინ ვერასოდეს დახურავს “ტვ პირველს”. ეს ტელევიზია გავაკეთეთ მაშინ, როდესაც კრიტიკული გადაცემები დაგვიხურეს, სამსახურებიდან გამოგვყარეს, ზოგი პროტესტის ნიშნად საკუთარი ნებით წამოვიდა ამა თუ იმ არხიდან და აი, აქ გავაკეთეთ ორი მიკროფონით ეს ტელევიზია. გაძლევთ პირობას, ჩვენ ამ ტელევიზიას არ დავთმობთ”, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.


 

 
შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩატარებას ნიშნავს.
 

საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.

 

სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც დღეს "TV პირველის" დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს, ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა სწრაფად ირეაგირონ მომხდარზე:

"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება. დღეს უკვე სასამართლო დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის ხელისუფლების, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტვ პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს”, - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი მშვენიერაძე, რომელიც “TV პირველის” ინტერესებს იცავს მასალის ამოღების საქმეში, აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ, რადგან, ვიდრე ეს განჩინება ძალაში ექნება, პროკურატურას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს შევიდეს ტეელვიზიაში იმ ნივთის ამოსაღებად, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. და იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს ნივთი რომც არსებობდეს, მის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა.

მომხდარს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლოს განჩინება ბევრი კუთხით არის პრობლემური. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ეს განჩინება საშიში პრეცენდენტია. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს. ეს განჩინება მძიმე და საშიშ პრეცენდენტად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისი განცხადებით, განჩინება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. მედიაკოლიციამ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს საფრთხე მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ