საქართველოში მედიის მიმართ ნდობა მცირდება - ინტერნიუსის კვლევა
22.03.2021

საქართველოში მედიის მიმართ ნდობა მცირდება, გამოკითხული მოსახლეობის 27% ფიქრობს, რომ ჟურნალისტები დეზინფორმაციას ავრცელებენ, პარალელურად, გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია - ეს არის ნაწილი იმ მიგნებებისა, რომელიც აჩვენა “ინტერნიუსის” კვლევამ საქართველოს საინფორმაციო ეკოსისტემის შესახებ.

ეს ფეისბუკთან ერთად განხორცილებული პირველი კვლევითი პროექტია საქართველოში. კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტს (55%) სჯერა, რომ მედია პარტიული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთანავე დიდია ალბათობა იმისა, მედიის მომხმარებლები ნდობით განეწყონ ისეთ მედიის მიმართ, რომლის სარედაქციო პოზიცია მათ პირად მოსაზრებებს ემთხვევა. კვლევის მიხედვით, ქართველების 49% ამბობს, რომ მედიის მიმართ არც ნდობა აქვს და არც უნდობლობა, 30% მედიას სრულად ან ნაწილობრივ ენდობა, 17% სრულად ან ნაწილობრივ არ ენდობა, 4% კი შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

ამავე ანგარიშის თანახმად, საზოგადოებას მედიის მიკერძოებულობის განსაზღვრა მეტწილად შეუძლია. ზოგადად მოსახლეობა მიიჩნევს, რომ დიდი, ეროვნული მაუწყებლები მთავრობის ან ოპოზიციის მხარეს იჭერენ.

კვლევის მიგნებებით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მედიაწიგნიერების არასაკმარისი უნარები აქვთ, თუმცა კარგად არიან ინფორმირებული მიკერძოებისა და დეზინფორმაციის შესახებ. კვლევის თანახმად, ქართველებისთვის პრაქტიკადაა ქცეული ახალი ამბების რამდენიმე წყაროდან მიღება და მათი კრიტიკული თვალით შეფასება. მოსახლეობის 38% ამბობს, რომ დეზინფორმაციას “ყოველთვის" ან “ხშირად” აწყდება, მხოლოდ 4% აცხადებს, რომ დეზინფორმაციას არასდროს ხვდება.

დეზინფორმაციის წყაროებად მოსახლეობა სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს აღიქვამენ. კერძოდ, დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ გამოკითხულთა 27% ქართველ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს ასახელებს, ერთი პროცენტით მეტი (28%) მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლები ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები არიან. დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ 26% ქართველ ტროლებს/ბოტებს, 23% მთავრობის წევრებს, 22% აქტივისტთა ჯგუფებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს, 19% საჯარო პირებს/ ცნობილ ადამიანებს, 18% რიგით ადამიანებს, 15% უცხოელ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, 15% კი უცხოელ ტროლებსა და ბოტებს აღიქვამს.

კვლევით დადგინდა, რომ ქართველებს ინფორმაციის გადამოწმების არასაკმარისი უნარები აქვთ. კვლევაში მონაწილეთა 40% აცხადებს, რომ მათ დეზინფორმაციის ამოცნობა შეუძლიათ, თუმცა ამის მიუხედავად, მათი უმრავლესობა ვერ ხსნის როგორ აკეთებს ამას. ინფორმაციის გადამოწმება უფრო მეტად ახალგაზრდებს, 18-35 წლამდე კატეგორიის მოსახლეობას შეუძლია, განსხვავებით უფრო დიდი ასაკის მოსახლეობისა, რომლებიც, დიდი ალბათობთ, უფრო მეტად ენდობიან თავიანთ ინტუიციასა და სოციალურ ქსელებს.

ქართველების აზრი იყოფა იმაზეც, თუ ვინაა პასუხისმგებელი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ყველაზე მეტი ადამიანი (29%) პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს, ნაწილს მიაჩნია, რომ დეზინფორმაცია მედიასაშუალებებმა და საზოგადოებამ უნდა შეზღუდოს, ყველაზე ცოტა (8%) ადამიანი კი ფიქრობს, რომ დეზინფორმაციას ონლაინ პლატფორმები უნდა ებრძოდნენ.

Internews-ის მიერ Facebook-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1310 ადამიანი და ჩატარდა 8 ფოკუს ჯგუფი (CRRC-ის მიერ), მათ შორის უმცირესობების ენებზე. დამატებით, მკვლევრები ესაუბრნენ 60-ზე მეტ რესპონდენტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ჩაღრმავებული ინტერვიუ), მათ შორის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და 12,000ზე მეტი ფეისბუკ პოსტი შეისწავლეს(პოსტები და კომენტარები ფბ ჯგუფებში ნეტნოგრაფიული ანალიზის მეთოდით). და ბოლოს, ეთნოგრაფიული მეთოდით დააკვირდნენ მედიამოხმარებას ოჯახებსა და სამეზობლოებში.

კვლევის სამივე ნაწილს გაეცანით ამ ბმულზე.


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ