სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "TV პირველის" საჩივარი მასალების ამოღების საქმეზე
23.03.2021

გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, რომელიც ფარული ჩანაწერებისა და მაუწყებლიდან მასალების ამოღების საქმეში "TV პირველის" ინტერესებს იცავს, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ გიორგი მშვენიერაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, მიღებულ განჩინებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც  საზოგადოებამ უნდა იცოდეს:


1. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საჩივარი დასაშვებად სცნო. ჩვენ ვაცხადებდით, რომ კანონის ჩანაწერი, რომელიც საჩივრის წარდგენას შესაძლებლად მხოლოდ განჩინების აღსრულებიდან 48 საათში იძლეოდა, ამ კონკრეტული დავის განხილვისას ვერ გამოდგებოდა, რადგან განჩინება ისე ჩაგვბარდა, რომ მისი აღსრულება არ მომხდარა და ცხადია ვერ დაველოდებოდით ამ მომენტის დადგომას, რათა სასამართლოსთვის მიგვემართა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ეს ლოგიკა და როგორც უკვე აღვნიშნე, საჩივარი დასაშვებად სცნო, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა;


2. ის ფაქტი, რომ ლაშა კლდიაშვილის მიერ გამოცემულ განჩინებაში, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, არ ეწერა განჩინების ადრესატი (ანუ ვის მიმართ იქნა გამოტანილი), სააპელაციო სასამართლომ ძალიან არადამაჯერებელი და უფლებებისთვის საზიანო განმარტებით "გააუბრალოვა". სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ პროკურატურის შუამდგომლობას თან ერთვოდა რა იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი (რაც ცხადია ჩვენ არ ჩაგვბარებია), დგინდებოდა ვინ იყო ამოღების ადრესატი. ხოლო ის ფაქტი, რომ პროკურატურამ ჩვენ გადმოგვიგზავნა განჩინება და ჩვენ ის გავასაჩივრეთ, მიანიშნებს, რომ ჩვენთვისაც ცხადი გახდა, ვისზე ვრცელდებოდა განჩინება;

ეს მსჯელობა ცალსახად კანონსაწინააღმდეგო და ალოგიკურია, რადგან კანონი სასამართლოს არაორაზროვნად სთხოვს განჩინებაში მიუთითოს ვის მიმართ არის გამოტანილი ის და თუ რა ერთივს პროკურატურის შუამდგომლობას, არაარსებითია. კანონი ამ მოთხოვნას პროკურატურის თვითნებობის შესაზღუდად აწესებს. მაგალითად, იგივე განჩინება პროკურატურას წარმატებით შეეძლო გადაეგზავნა ნოდარ მელაძესთვის, მაკა ჩიხლაძესთვის, ტელევიზიის რომელიმე მემონტაჟისთვის, რადგან მასში არ ეწერა ადრესატი და გამოვიდოდა, რომ ის სწორედ მათ მიმართ არის გამოცემული. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ამაზე თვალი დახუჭა.


3. სააპელაციო სასამართლომ თქვა (შინაარსობრივად გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება), რომ განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქალაქო სასმაართლოს განჩინებაში მოცემული ტექსტი არის "სტანდარტული სავალდებულო ჩანაწერი" და ყოველთვის მიეთითება ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებებში. სააპელაციო სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია სხვა შემთხვევებისგან, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, თუმცა მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სასამართლოს ნებართვა პროკურატურას არც სჭირდება და პროკურატურამ თავად უნდა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად პროპორციულობის პრინციპის დაცვით იძულების გამოყენების საკითხი.

ვფიქრობ, სასამართლომ ამ განმარტებით უარი თქვა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტორი და "თავიდან მოიშორა" საკითხის ამ ნაწილში შესვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადასაწყევტ საკითხთა ნუსხიდან ამორიცხა იძულების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ფუნქცია, რაც საკუთარი დანიშნულებისა და როლის არასწორი აღქმის შედეგად მიმაჩნია;


4. სასამართლომ განჩინების ბოლო ნაწილში მიუთითა, რომ საჩივარში არასწორად გამოვიყენეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ("Roemen and Schmir v. Luxembourg), რადგან ის საქმე "ჩხრეკას" ეხებოდა, ხოლო აქ სახეზე "ამოღება" იყო. ცხადია, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ზემოხსენებული ქეისი ჩხრეკას ეხებოდა, მაგრამ მოწყობილბის ამოღება, რომელზეც სავარაუდოდ პროკურატურა ექსპერტიზას დანიშნავდა, რათა დაედგინა რაიმე სხვა ფაილი თუ ყოფილა მასზე ოდესმე ჩაწერილი და ამით წყაროზე გასვლას შეეცდებოდა, შინაარსობრივად (და არა ფორმით) სხვა არაფერია თუ არა ჩხრეკა. სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ლოგიკას ვერ ჩაწვდა.

5. სასამართლომ ცხადი განმარტება გააკეთა, რომ სსსკ-ის 50-ე მუხლის მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით და ჟურნალისტისგან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამოღების შეუძლებლობასთან, ისე თავად გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ფარგლებთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილი ლოგიკა საკამათოა;

"არ მინდოდა ეს საკითხი დროში ჩაკარგულიყო და საზოგადოებას არ სცოდნოდა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ცხადია, ზემომოცემული ტექსტი განჩინების ჩემეული აღქმაა, ამიტომ ამ პოსტს თან ვურავ სასამართლოს განჩინებას, რათა შესაძლოა ვინმემ ის სხვაგვარადაც წაიკითხოს", - წერს გიორგი მშვენიერაძე.



შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს.

საქართველოს პროკურატურამ ეს მასალები იმ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა, რომელიც უწყებამ 9 მარტს დაიწყო, "TV პირველზე" გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. უწყება ამ საქმეს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების კუთხით იძიებს.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ