"TV პირველის" საქმე, როგორც საშიში პრეცენდენტი
12.03.2021
სასამართლოს საშიში განჩინება, რომელიც ერთდროულად ბევრ გზავნილს შეიცავს და ღიად ამხელს ხელისუფლების სურვილს ყველა შესაძლო საშუალებით შეზღუდოს და დააშინოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ტელევიზია, რომელიც ფიქრობს, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის სამიზნე გახდეს - "TV პირველიდან" მასალების ამოღების საქმე, რომელიც ფასდება, როგორც ძალიან მძიმე პრეცენდენტი, გამოხატვის თავისუფლების მოქმედი სტანდარტის დანგრევის მცდელობა და მსუსხავი ეფექტი კრიტიკული მედიისთვის.

"TV პირველთან" დაკავშირებული საქმის მთავარი დეტალები.

სასამართლოს განჩინება
 
"ტელეკომპანია პირველში", რომელიც ფასდება, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკული არხი, დევს სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შევიდნენ მაუწყებელში და მასალები ამოიღონ. ამ დოკუმენტის საფუძველზე პროკურატურას მაუწყებლიდან იმ მასალების ამოღება სურს, რომელიც არხზე განჩინების გამოცემიდან რამდენიმე დღით ადრე გავიდა და რომელიც ასახავდა ბიძინა ივანიშვილის შვილისა და ამჟამინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარს არასრულწლოვნების სადამსჯელო ღონისძიებებზე.

შეშფოთებას განჩინების რამდენიმე დეტალი იწვევს:

პროკურატურას არ მიუმართავს "TV პირველისთვის" მასალების გადაცემის თაობაზე, როგორც ეს სტანდარტულად ხდება ხოლმე, როდესაც საგამოძიებო უწყება მედიაში გასული რეპორტაჟით ინტერესდება. 10 მარტს "TV პირველმა" პირდაპირ სასამართლოს განჩინება მიიღო, რომელმაც პროკურატურას უფლება მისცა ტელევიზიიდან მასალები ამოიღოს, ანუ, პროკურატურამ პირდაპირ სასამართლოს მიმართა.

"სასამართლოსთვის მიმართვა უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ღონისძიება. ეს განჩინება (სასამართლოსი) ბოლომდე კანონთან შესაბამისი არაა. სასამართლოს და პროკურატურის მოქმედება პრობლემურია", – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი "პუბლიკასთან" საუბარში.

შეშფოთებას იწვევს განჩინების ორი ჩანაწერიც - ერთი, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ არხისთვის გადაცემულ კონვერტს (ან სხვაგვარ შეფუთვას), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. და მეორე - სადაც ნათქვამია, რომ "საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს პროპორციული ძალა". ამ ორ ჩანაწერში იკითხება, რომ საგამოძიებო ორგანოს ინტერესი არა ჩანაწერების შინაარსი, არამედ წყაროა და ასევე, მას შეუძლია მაუწყებელში შეიჭრას და ჩხრეკა ჩაატაროს.

ტელევიზიაში ეს აღიქვეს როგორც ომის გამოცხადება, "მაუწყებელში საბუთებით შეჭრა".

"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა?", - დაწერა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზეც თქვა, რომ ამ ომისთვის მზად არიან და არხის დათმობას არ აპირებენ.

მესამე სექტორისა და ომბუდსმენის მწვავე კრიტიკა
 

სასამართლოს განჩინებას მესამე სექტორის, იურისტების, სახალხო დამცველის, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა და განცხადებები მოჰყვა. მესამე სექტორმა ამ განჩინებაში რამდენიმე საფრთხე დაინახა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ "თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება არის დაუსაბუთებელი როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება".

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ შეიქმნა საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. დემოკრატიის ინდექსის შეფასებით, ეს განაჩენი არღვევს სიტყვის თავისუფლებას და არის საფრთხე დემოკრატიისთვის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კი ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუსაბუთებელია და ანონიმური წყაროს ვინაობის დადგენა, რაც პროკურატურის მიზანში იკითხება, მსუსხავ ეფექტს იქონიებს სამომავლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშალების გაშუქების საქმეებზე.

საშიშ პრეცენდენტად შეაფასა განჩინება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც" და თქვა, რომ იგი "ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს".

დღის ბოლოს კიდევ ერთი განცხადება ოპოზიციის სახელით გავრცელდა და ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი".

მთელი დღის განმავლობაში ისმოდა განცხადებები იმის შესახებაც, რომ წყაროს კონფიდენციალობა არის დაცული და ჟურნალისტებს აქვთ უფლება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაცია, წყაროები დაიცვან.

“კანონი არ ტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას. ის პირდაპირ ამბობს ,რომ წყარო არის დაცული. აი, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს მისი გამხელა. იქვე არის ჩანაწერი, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება", - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.

TV პირველის ჟურნალისტები: "TV პირველს ვერ გამორთავთ"
 
11 მარტს, მას შემდეგ, რაც განჩინება გაასაჯაროეს, არხის დამფუძნებელმა და ჟურნალისტებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ზეწოლას ელოდნენ, მაგრამ, არხის დათმობას არ აპირებენ და "TV პირველს" ვერ დახურავენ".

“გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ ძალიან გამოწრთობილი თაობა, ამ ბრძოლისთვის რომ ვიყოთ მზად და გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიას, რომელიც ამ ხელებით გვაქვს აშენებული”, - თქვა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, ნუ გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს.

"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ”, - ამ ფრაზით, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა სწრაფი რეაქცია გამოიჩინონ მომხდარზე.

პროკურატურისა და სასამართლოს გვიანი განმარტებები
 
მას შემდეგ, რაც განჩინებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ჯერ პროკურატურამ, უფრო გვიან, დღის ბოლოს, კი თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე დამატებითი განმარტებები გამოაქვეყნეს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ და ასევე, ტელევიზიას უფლება აქვს არ გადასცეს მასალები. პროკურატურამ ამ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ "TV პირველი" თავად მიიტანს მასალებს საგამოძიებო უწყებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თქვა, რომ განჩინებაში არსებული ჩანაწერი წინააღმდეგობის შემთხვევაში იძულების პროპორციული ზომის შესახებ იყო მასალების ამოღების სტანდარტული ფორმა და "TV პირველის" მიმართ განსხვავებული წესი არ გამოუყენებიათ.

რას აპირებს "TV პირველი"
 
გიორგი მშვენიერაძე, რომელიც “TV პირველის” ინტერესებს იცავს მასალის ამოღების საქმეში, აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ, რადგან, ვიდრე ეს განჩინება ძალაში ექნება, პროკურატურას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს შევიდეს ტელევიზიაში იმ ნივთის ამოსაღებად, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს.

“დღეს დავიწყეთ აქტიურად მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა "TV პირველს", გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, პირველ რიგში”, - ამბობს მშვენიერაძე და აზუსტებს, რომ არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი, მაგრამ ამის მიუხედავად, გასაჩივრებას ჯერ ქვეყნის შიგნით შეეცდებიან და თუ ეს არ იქნება საკმარისი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც განიხილავენ, დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ადვოკატის თქმით, ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუ გამოძიება დაინტერესდება, გადასცეს მას აუდიო ფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება, - “და რომ არსებობდეს ტელევიზია მის გადაცემაზე მაინც უარს განაცხადებდა”.

________________________________________

შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს.

საქართველოს პროკურატურამ ეს მასალები იმ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა, რომელიც უწყებამ 9 მარტს დაიწყო, "TV პირველზე" გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. უწყება ამ საქმეს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების კუთხით იძიებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

„მთავარის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტელეკომპანია "მთავარის არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება (სსკ-ის 126-ე) ძალადობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავის განცხადებაში „ყველანაირი ძალადობა” დაგმო და თქვა, რომ გამომძიებლები "ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან”, და რომ შესაძლოა, გამოძიებიდან გამომდინარე, საქმეს „5 მუხლი დაემატოს“, ან არცერთი. კვალიფიკაციის შეცვლაზე კი პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.

რა მოხდა?

4 მაისს დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი რესპონდენტთან, ივერი მელაშვილთან, ერთად ჩავიდა. ჟურნალისტი ნინუცა კეკელია გადაცემა "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟს ამზადებდა. არხის ინფორმაციით, ივერი მელაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ნასვამმა სასულიერო პირებმა და რამდენიმე მოქალაქემ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღებ ჯგუფს ტექნიკა დაუზიანეს

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენასა და თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით საგარეჯოს პოლიციაში უკვე გამოკითხეს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი და ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების პროცესში საჭირო ყველა პირს გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, " გამიძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, [დამნაშავეები] კანონის შესაბამისად დაისჯებიან."

„მთავარი არხის“ თანამშრომლებზე ძალადობას გმობენ "საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტია" და სახალხო დამცველი. ისინი სამართალდამცავ ორგანოებს შემთხვევის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ჟურნალისტებზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევები

ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს. სახალხო დამცველის თქმითაც, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა.

8 აპრილს ღამით ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ. ორივე დაზარალებული მაუწყებლის მძღოლია. ერთზე ფიზიკურად იძალადეს, მეორე მძღოლს კი, მანქანა დაუზიანეს.

25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე "ფორმულას" ტელეწამყვანს, ვახო სანაიას მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით სამი პირი დაესხა თავს. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ბოლო პერიოდში გახშირდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც.

სახალხო დამცველი 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.


ფოტო: მთავარი არხი


საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემური საკადრო პოლიტიკა  - ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ბოლო 4 წელში 102 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათმა ნაწილმა სასამართლოში შრომითი დავა დაიწყო და ამ დრომდე დასრულებული ყველა პროცესი მაუწყებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა. ერთ-ერთი ბოლო პროცესიც, გათავისუფლებული ორი ოპერატორის დავა, სამივე ინსტანციის სასამართლოში მაუწყებლის საწინააღმდეგოდ დასრულდა. “პირველ არხს” მათი სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღარურება დაევალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არხის მენეჯმენტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები იცავს.

მაუწყებლის საკადრო პოლიტიკაზე პროფკავშირების თავმჯდომარე, ნინო ზაუტაშვილს ვესაუბრეთ.

2017 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 102 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ხომ არ უკვლევია პროფკავშირებს მათი განთავისუფლების მოტივები?

ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი უსამართლოდაა გაშვებული. მაგალითად, მახსენდება, ლევან გულბანი - ჩართვების ჯგუფის უფროსი. როდესაც მისი გათავისუფლების ობიექტური მიზეზები მოვითხოვეთ - ვერ გვიპასუხეს.

ალბათ, ეს ადგილები სჭირდებოდათ, სხვა მიზეზი არ ვიცი. მე არ ვამბობ იმას, რომ არავინ არის გასაშვები სამსახურიდან, მაგრამ ფორმას გააჩნია. ყველაზე შეურაცხმყოფელია, როდესაც ვიღაც გეუბნება, შენ აქ არ მჭირდები, წადიო - გაშვების მიზეზს კი არ გეუბნებიან.

მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ [ამდენი თანამშრომლის გათავისუფლებით] ძალიან უხეშად დაარღვია ადამიანების უფლებები. ეს შეურაცხმყოფელი იყო. ეს იყო წითელი ზღვარი, როცა ადამიანებს გამოუცხადეს, ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეორგანიზაციას და აქ ვეღარ იმუშავებთო.

„მასობრივი დათხოვნა“ - ეს სიტყვები გამოიყენა ერთ-ერთმა მენეჯერმა, ია ანთაძემ, ინტერვიუში. რას ნიშნავს მასობრივი დათხოვნა, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ იყო ამის საჭიროება. ძალიან ბევრი კარგი საქმე საზოგადოებრივ მაუწყებელში ზუსტად იმ ადამიანების ხელით კეთდება, რომლებიც წლებია აქ მუშაობენ.

როდის დაიწყო მსგავსი პრობლემები საზოგადოებრივ მაუწყებელში?

საკადრო პოლიტიკის მხრივ პრობლემები სულ იყო. დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, რაც მაუწყებელში ვარ, სულ მესმის, რომ აქ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. როცა საშტატო განრიგი არ არსებობს, რას ნიშნავს ბევრი ადამიანი, დღემდე ვერ გავიგე. როგორ განსაზღვრავენ ბევრია თუ ცოტა?

2004 წელსაც იყო ასეთი „მასობრივი დათხოვნა“. მაშინ ეს ძალიან მძიმედ მოხდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არ შეიძლება, რომ ასე ადგე და უთქმელად გააგდო თანამშრომელი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს ის. ეს უნდა დაასაბუთო, ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ მას სამსახურიდან.

გათავისუფლებული თანამშრომლებიდან 25-მა სასამართლოს მიმართა და მათ უფლებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები იცავს. ამ დრომდე დასრულებული ყველა შრომითი დავა მაუწყებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა. როგორ ფიქრობთ, რას გვეუბნება ეს მონაცემები?

შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში ერთ თანამშრომელთან მაინც უწევდეს შრომითი დავა? ჩემს პრაქტიკაში, არ მახსენდება, რომ მაუწყებელს თანამშრომლის წინააღმდეგ დავა მოეგოს. ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი.

არასდროს ვიტყვი იმას, რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი საჭიროა, ან ვინმე საჭირო არ არის. სანამ საშტატო განრიგის მიხედვით, ზუსტად არ მეცოდინება, რა პრიორიტეტით და რამდენი თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს გამართულად მუშაობისთვის.


მიუხედავად ვალდებულებისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს საშტატო განრიგი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს მაუწყებელი ამ დოკუმენტის დამტკიცებას?

საშტატო განრიგის დამტკიცება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შეკრულია გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობ. საშტატო ერთეულების დადგენა ხელს უშლის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი ადამიანის დასაქმებას, ეს კი ყველა მთავრობას სჭირდება.

საშტატო განრიგის დამტკიცება არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება დიდი კვლევა. მე, მაგალითად, სამეურვეო საბჭოს შევთავაზე, რომ მოგვეწვია კარგი კომპანია, პროფესიონალების ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავდა საჭიროებებს და ზუსტად დაადგენდა, რისთვის და რამდენი თანამშრომელი სჭირდება მაუწყებელს.

Ხომ არ არსებობს სხვა მიზეზი რის გამოც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს საშტატო განრიგი?

იმისთვის, რომ თავისუფალი იყო შენს მოქმედებებში, არ უნდა არსებობდეს არანაირი შემზღუდავი გარემოება, ხოლო საშტატო განრიგი ნამდვილად შემზღუდავი გარემოებაა.

ყოველი ახალი მოსული გენერალური დირექტორი ათავისუფლებს ვიღაცებს, ვისაც თვლის, რომ "ზედმეტია”, ოღონდ არასდროს აქვს ამის დასაბუთება. შემდეგ მოჰყავს სხვა თანამშრომლები, ვისაც თავის გუნდად თვლის. მესმის, ყველა დირექტორს და ყველა მენეჯერს ძალიან უნდა, თავის გუნდთან ერთად მოსვლა. მაგრამ, გუნდთან ერთად მოსვლა არ ნიშნავს, რომ შენი გუნდის წევრად სხვა არავინ განიხილო და გაყარო ის ადამინები, ვისზედაც დგას ეს ტელევიზია.

2017-2020 წლებში მაუწყებელს 300 000 ლარზე მეტი აქვს გადახდილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით. სამეურვეო საბჭოშიც თქვეს, რომ ამით მაუწყებელს ფინანსური და რეპუტაციული ზიანი ადგება. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ამ პროცესში სამეურვეო საბჭოს?

მაუწყებლისთვის ყველაზე დიდი რეპუტაციული დარტყმა იყო როდესაც ვასილ მაღლაფერიძემ ეს თანამშრომლები გაუშვა. როდესაც ამდენი სასამართლო გაქვს წაგებული და ადამიანების უფლებების ასე უხეშად არღვევ, ცხადია, რომ მაუწყებლის რეპუტაცია ილახება. ჩემთვის, პირადად, ეს ძალიან სამწუხაროა.

ვერცერთ სამეურვეო საბჭოზე ვერ ვიტყვი, (სრულ შემადგენლობას ვგულისხმობ და არა ერთეულებს), რომ ეს არის შემდგარი, კარგი გუნდი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცილებით გამართულად იმუშავებდა კარგი და კვალიფიციური სამეურვეო საბჭოს ყოლის შემთხვევაში. ისიც მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი პრობლემურია და ამ მხრივ ცვლილებებია შესატანი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მაუწყებელი საზოგადოებრივი სიკეთეა: ის ადამიანების უფლებებს კი არ უნდა არღვევდეს, არამედ მათთვის მაგალითი უნდა იყოს.
„კაპანაძის სარჩელის განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს“ - საია
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, სარჩელის განხილვას სასამართლო ხელოვნურად და დაუსაბუთებლად აჭიანურებს“ - ამ შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა 30 აპრილს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

„საია“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილების უმოკლეს ვადაში მიღებისკენ მოუწოდებს.

რა წერია ნათია კაპანაძის სარჩელში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.

ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს შეტანილი სარჩელით ითხოვს:

• მისი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

• თანამდებობაზე აღდგენას.

• იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

• დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

საიაც და ნათია კაპანაძეც სარჩელის განხილვის გაჭიანურებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

„პროცესის მიმართ სრული უყურადღებობა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მართვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს მოგვეცემა სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებისა და ჩემი უდანაშაულობის დაცვის შესაძლებლობა“, - გვეუბნება ნათია კაპანაძე.

სასამართლოს არგუმენტები

საიას ადვოკატი ილონა დიასამიძე გვეუბნება, რომ სასამართლოს განმარტებით, საქმეზე სხდომების არ დანიშვნა პანდემიას უკავშირდება. მისივე თქმით, სასამართლო ამბობს, რომ ნათია კაპანაძის საქმეზე დისტანციური პროცესი ვერ დაინიშნება.

„ამაზეც კითხვის ნიშანი ჩნდება იმიტომ, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ბევრად უფრო გვიანდელ საქმეებზე დაინიშნა პროცესები, მაგრამ ნათია კაპანაძის საქმე რატომღაც მაინც თაროზე იყო შემოდებული“, - ამბობს ილონა დიასამიძე.

საიას ადვოკატის თქმით, ნათია კაპანაძის საქმის დროულად განხილვა არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რათა დაგროვებულ კითხვებს პასუხები გაეცეს.

„აშკარად ჩნდება კითხვის ნიშნები მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოვითხოვთ სასამართლომ უმოკლეს ვადებში განიხილოს საქმე“, - ამბობს საიას ადვოკატი ილონა დიასამიძე.

საქმის დეტალები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაირჩია. იმპიჩმენტის საკითხი 2019 წელს, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს.

ნაწილი მათი არგუმენტებიდან:

• „ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგი შემცირდა.“
• „ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
• „ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

საიაში მიიჩნევენ, რომ ნათია კაპანაძისადმი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადება ეფუძნებოდა „არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა.“

ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის გავლენის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლისა და „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის ანგარიშებშია საუბარი.
სასამართლომ უარი თქვა სანაიაზე თავდამსხმელების თავდებით გათავისუფლებაზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებაზე უარი თქვა და ისინი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი არსებობდა.

სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 ადამიანს თავდებში თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, მომღერალი და ტელეწამყვანი გია გაჩეჩილაძე და მსახიობი დავით ხურცილავა უდგებოდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების თავდებობით გათავისუფლებაზე.

პროკურორის ინფორმაციით, ცალკე გამოძიება დაწყებულია ვახო სანაიას ოჯახის მიმართ მუქარის წერილებთან დაკავშირებითაც.

გაჩეჩილაძის და შაქარიშვილის არგუმენტები

"ეს ბიჭები უნდა გამოვიხსნათ აუცილებლად იმიტომ, რომ ზეგ არის წითელი პარასკევი და მაზეგ არის აღდგომა. სრულიად უდანაშაულო ადამიანები და მით უმეტეს ასეთი მსუბუქი მუხლებით არავინ არ ზის ციხეში ამდენი ხნის განმავლობაში“,- თქვა გია გაჩეჩილაძემ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამი ადამიანი ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხა მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

სასამართლოზე გაჩეჩილაძე და შაქარიშვილი ამბობდნენ, თავდებში ჩადგომის მსურველი 2000-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა ჰქონდათ, თუმცა დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, როგორ გააკონტროლებდნენ ბრალდებულების ქცევას მისი თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში.

ვატო შაქარიშვილმა სანაიაზე თავდამსხმელების დაკავებას „პოლიტ მედია ბულინგი“ უწოდა და ამბობს, რომ „ეს ბიჭები პოლიტ მედია ტერორისგან უნდა დაიცვან“.

"ეს არის მედიაზე შეტევა. უცნობს მინდა მივუსამძიმრო მისი დღევანდელი კრახი",- ამბობს ვახო სანაია "ფორმულას" ეთერში.

რა არის საგულისხმო?

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს ქვეყანაში ძალადობრივი დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობა აქეზებს. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.

„აქ ყოველთვის იმის პრობლემა გვაქვს, რომ მედიის წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულების ჩამდენები არ ისჯებიან, ხელისუფლების წარმომადგენლები ახალისებენ ასეთ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამის ფონზე არ იქნება სწორი და კარგი, რომ ამ ადამიანებს შეეფარდოთ თავდებით გათავისუფლება“, - ამბობს სიმონიშვილი.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება სასამართლოს სთხოვოს თავდებში ჩაუდგეს ბრალდებულებს, თუმცა მთავარი საკითხი აქ სახელმწიფოს ვალდებულებაა, არ წაახალისოს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

„ძალადობრივ ქმედებებს ახალისებენ პოლიტიკოსები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები. აუცილებელია, მკაცრი პოლიტიკა გატარდეს სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენებმა იცოდნენ - დაისჯებიან.“

დამატებით, ამ საქმეზე

ვახო სანაიაზე თავდასხმაზე ბრალდებულებს, წინასწარი პატიმრობა 26 თებერვალს შეეფარდათ. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და დევნის მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) წარედგინათ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მომდევნო სხდომა მაისში გაიმართება.
„კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები“ - მედიამონიტორინგის ანგარიში
„წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მსგავად, პოსტსაარჩევნო პერიოდში, კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევებს“, - ნათქვამია „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევში“, რომელიც დღეს, 23 აპრილს გამოქვეყნდა.

ორ თვიანი დაკვირვებამ აჩვენა, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი.

ძირითადი მიგნებები:

  • პოსტსაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეული ყველა არხის მონაცემებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
  • პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკები და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდა;
  • მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი;
  • ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა. დროის 22 % დადებითი ტონით შეფასებას დაეთმო
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად „მთვარ არხზე“ გაშუქდა. დროის 56 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო. „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა.
  • ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „ფორმულას“ ეთერში გაშუქდა. დროის 15 % დადებთი ტონით შეფასებას დაეთმო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა. დროის 61 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.
  • მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
  • „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
  • „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია 
  • მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ არხზე გაშუქდა და უარყოფთი ტონით გაშუქებამ 88 % შეადგინა.
  • ბიძინა ივანიშვილი ყველაზე უარყოფითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. დროის 85 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო
  • წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მსგავად, პოსტსაარჩევნო პერიოდში, კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.
  • თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები
  • მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების ფაქტი არ დაფიქსირებულა

მონიტორინგის შესახებ:

„საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ 2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მონიტორები სატელევიზიო ახალი ამბების მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას 12 სატელევიზო არხზე აკვირდებოდნენ: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რამდენად თანაბარ პირობებში და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით ხდებოდა პოსტსაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების გაშუქება

მედიამონიტორინგი რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი დაკვირვებისას ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, თუ რამდენად იცავდა შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ

ტელემედიის გარდა, წინასაარჩევნოდ მონიტორები აკვირდებოდნენ ასევე ონლაინ მედიას, სოციალურ ქსელს, ტოქშოუებს, გაზეთებსა და რადიოებს. ასევე, მონიტორინგდებოდა როგორ აშუქებს მედია უცხოურ გავლენას საქართველოზე.

მედიამონიტორინგი ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.