სასამართლომ უარი თქვა სანაიაზე თავდამსხმელების თავდებით გათავისუფლებაზე
29.04.2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებით გათავისუფლებაზე უარი თქვა და ისინი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი არსებობდა.

სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ 3 ადამიანს თავდებში თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი, მომღერალი და ტელეწამყვანი გია გაჩეჩილაძე და მსახიობი დავით ხურცილავა უდგებოდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების თავდებობით გათავისუფლებაზე.

პროკურორის ინფორმაციით, ცალკე გამოძიება დაწყებულია ვახო სანაიას ოჯახის მიმართ მუქარის წერილებთან დაკავშირებითაც.

გაჩეჩილაძის და შაქარიშვილის არგუმენტები

"ეს ბიჭები უნდა გამოვიხსნათ აუცილებლად იმიტომ, რომ ზეგ არის წითელი პარასკევი და მაზეგ არის აღდგომა. სრულიად უდანაშაულო ადამიანები და მით უმეტეს ასეთი მსუბუქი მუხლებით არავინ არ ზის ციხეში ამდენი ხნის განმავლობაში“,- თქვა გია გაჩეჩილაძემ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამი ადამიანი ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხა მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

სასამართლოზე გაჩეჩილაძე და შაქარიშვილი ამბობდნენ, თავდებში ჩადგომის მსურველი 2000-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა ჰქონდათ, თუმცა დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, როგორ გააკონტროლებდნენ ბრალდებულების ქცევას მისი თავდებით გათავისუფლების შემთხვევაში.

ვატო შაქარიშვილმა სანაიაზე თავდამსხმელების დაკავებას „პოლიტ მედია ბულინგი“ უწოდა და ამბობს, რომ „ეს ბიჭები პოლიტ მედია ტერორისგან უნდა დაიცვან“.

"ეს არის მედიაზე შეტევა. უცნობს მინდა მივუსამძიმრო მისი დღევანდელი კრახი",- ამბობს ვახო სანაია "ფორმულას" ეთერში.

რა არის საგულისხმო?

„საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებს ქვეყანაში ძალადობრივი დანაშაულების ჩამდენთა დაუსჯელობა აქეზებს. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი.

„აქ ყოველთვის იმის პრობლემა გვაქვს, რომ მედიის წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულების ჩამდენები არ ისჯებიან, ხელისუფლების წარმომადგენლები ახალისებენ ასეთ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამის ფონზე არ იქნება სწორი და კარგი, რომ ამ ადამიანებს შეეფარდოთ თავდებით გათავისუფლება“, - ამბობს სიმონიშვილი.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება სასამართლოს სთხოვოს თავდებში ჩაუდგეს ბრალდებულებს, თუმცა მთავარი საკითხი აქ სახელმწიფოს ვალდებულებაა, არ წაახალისოს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

„ძალადობრივ ქმედებებს ახალისებენ პოლიტიკოსები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები. აუცილებელია, მკაცრი პოლიტიკა გატარდეს სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის ჩამდენებმა იცოდნენ - დაისჯებიან.“

დამატებით, ამ საქმეზე

ვახო სანაიაზე თავდასხმაზე ბრალდებულებს, წინასწარი პატიმრობა 26 თებერვალს შეეფარდათ. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და დევნის მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) წარედგინათ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მომდევნო სხდომა მაისში გაიმართება.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები