“ქართული ოცნების” აქციაზე ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ
27.10.2021
ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ტელეკომპანია “ფორმულა” აცხადებს, რომ ჟურნალისტ რატი წვერავას „ქართული ოცნების" აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაუწყებლის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრესიულად არიან განწყობილი კრიტიკული მედიის სხვა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც.



“ფორმულას” და “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე მისული რამდენიმე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტებს და აგრესიულად სთხოვს ტერიტორიის დატოვებას. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურადაც უპირისპირდება და ხელის კვრით ცდილობს ჟურნალისტის გაგდებას.




“ტვ პირველმა” გაავრცელა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა. ტელეკომპანია შსს-ს რეაგირებას სთხოვს.



ჯერ-ჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა გამოძიება რომელიმე საქმეზე. “მედიაჩეკერი” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა და მმართველ პარტიასა და მათ აქტივისტებს მიმართა, რომ მედიას მუშაობის საშუალება მისცენ: „მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“ - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია მიიჩნევს, რომ დღეს პარტიის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, თითქოს მოსალოდნელი იყო პროვოკაციები მედიის წარმომადგენლების მხრიდან, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს შორის კონფლიქტი წაახალისა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათიდან "ქართული ოცნების" ორგანიზებით აქცია იმართება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ