“უცნობის” ინიციატივა - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე
04.11.2021
მომღერალმა და წამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” პარლამენტისგან მაუწყებლობის შესახებ კანონში “სათანადო ცვლილებებს” ითხოვს, “რათა ჟურნალისტებმა ცილისმწამებლური განცხადებები ვეღარ გაავრცელონ”.

პარლამენტმა ეს წინადადება დასაშვებად ცნო - იურისტები და მედიასამართლის სპეციალისტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.

რა მოხდა?

28 ოქტომბერს გიორგი გაჩეჩილაძემ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა.

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევად ტენდენციად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დამადასტურებელი წყაროების გარეშე.”

საკანონმდებლო წინადადებით, გაჩეჩილაძე პარლამენტს სთხოვს, რომ შეიმუშავოს “სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.

რატომ არის პრობლემური გაჩეჩილაძის ინიციატივა?

კონკრეტულად რა ცვლილებების შეტანას ითხოვს კანონში გაჩეჩილაძე, მის მიერ წარდგენილ წინადადებაში ახსნილი არ არის. გაჩეჩილაძე პრობლემურად მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე მუხლს მიიჩნევს. ეს მუხლი ინფორმაციის სიზუსტეს, შესწორებას და უარყოფას განსაზღვრავს.

გაჩეჩილაძის აზრით, მაუწყებლობის შესახებ კანონი არაეფექტურია, თუმცა, საკანონმდებლო წინადადებაში არ აზუსტებს, რას გულისხმობს ამაში. ამ და სხვა კითხვებით გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას მეორე დღეა უშედეგოდ ვცდილობთ. 

„თუ ის ითხოვს მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან სიზუსტის პრინციპის დარღვევაზე რეაგირებას, ეს ნიშნავს საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანას.” - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი და დასძენს, რომ ეს ცენზურისა და თვითცენზურის რისკებს ზრდის.

52-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. თუმცა, თუ საქმე ეხება ცილისწამებას, ამ მუხლით მაუწყებლობის შესახებ კანონით უარყოფის ან შესწორების მოთხოვნის უფლება არ არსებობს.

რას ამბობს კანონი ცილისწამებაზე

თუ პირი მიიჩნევს, რომ მედიამ მისი უფლებები დაარღვია და ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, შეუძლია მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, თვითრეგულირების სხვა ინსტიტუტს ან სასამართლოს.

თვითრეგულირების ორგანოები მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროფესიული და ეთიკური სტანდარტის ჭრილში განიხილავენ, სასამართლო კი - სამართლებრივად.

საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი არეგულირებს. პირველივე მუხლში, ცილისწამება განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

ამავე კანონში ნათქვამია, რომ პირს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.

ანუ, პირის პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგეს, ამისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს მისი განზრახვა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება მის მიმართ „არსებითად მცდარ ფაქტს“ შეიცავს, რის გამოც მას ზიანი მიადგა, მოპასუხეს ცილისწამებისთვის შეიძლება დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება (შესწორება ან უარყოფა), ან მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

გიორგი გაჩეჩილაძის საკანონმდებლო წინადადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი არ არის ეფექტური, სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობა „მოტივაციას და ამ ინსტიტუტით სარგებლობის სურვილს უკარგავს დაზარალებულ მხარეს“.

მარიამ გოგოსაშვილი კი ამბობს, რომ თუ საქმის განხილვა ამა თუ იმ მიზეზით ჭიანურდება, პრობლემა არა კანონში, არამედ აღსრულებაშიაო.

საჭიროა თუ არა კანონში ცვლილებები?

მედიასამართლის იურისტები და სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ დღევანდელ კანონმდებლობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის დაცული და ნებისმიერი ცვლილების შეტანის სურვილს საფრთხედ მიიჩნევენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ კანონმდებლობით უკვე არსებობს ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების უფლებების დაცვას. მისივე თქმით, გაჩეჩილაძის ინიციატივა ზოგადი და დაუსაბუთებელია, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა კი - “საფრთხის შემცველი”:

„ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მორიგი ტესტი, თუ როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას კანონის იმგვარად ცვლილებაზე, რომელიც კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს”, - გვეუბნება მამუკა ანდღულაძე

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს მითია, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ცილისწამებისგან თავის დაცვაო:

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, ავტომატურად ნიშნავს ბრძოლას დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ადამიანები სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან არა დემოკრატიაში, არამედ - ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარიზმში” - გვეუბნება მშვენიერაძე.

ხელისუფლების ძველი გზავნილები, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ

ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროების შესახებ ინიციატივა ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა.

2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: “იმისათვის რომ სხვას აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება და სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც”.

პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი იმავე პერიდში ამბობდა: რომ „სიტყვით ძალადობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება“.

ხელისუფლების წევრების მიერ გაჟრერებულ მსგავს განცხადებებს, არასამთავრობო სექტორში მაშინაც სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვისკენ მიმართულ "საშიშ და სახიფათო" გზავნილებად აფასებდნენ.

რა პროცედურას გადის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში?

1 ნოემბერს გაჩეჩილაძის ინიციატივა პარლამენტის ბიურომ დასაშვებად ცნო და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მისი განხილვა დაავალა.

იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი მხარს დაუჭერს გაჩეჩილაძის წინადადებას, კანონპროექტის ინიციატორი კომიტეტი გახდება, ხოლო თუ წინადადება არ დაკმაყოფილდება, პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას შეწყვეტს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ