50-ზე მეტი ჟურნალისტი ენმ-სგან განმარტებას ითხოვს
10.12.2021
აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტები TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ “შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი” ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რეაგირებასა და განმარტებას ითხოვენ.

8 დეკემბერს ტვ 25-ის ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მონაწილეობით კოვიდ რეგულაციების დარღვევით გამართული წვეულების შესახებ გასულ სიუჟეტს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ თავმჯდომარე, ხათუნა ბერიძე, ფეისბუკ პოსტით გამოეხმაურა, თუმცა რამდენიმე წუთში წაშალა.

ტვ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე ამ პოსტს “მადესკრედიტირებელს” და “ღირსების შემლახავს” უწოდებს. ის ირწმუნება, რომ “ალტერნატივა”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა.

საჯარო რეესტრიდან 2021 წლის აგვისტოს ამონაწერის თანახმად, “ალტერნატივას” გამგეობის წევრია ნატო ნაცარაშვილი, რომელიც ამავე დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრიცაა.

სულხან მესხიძე ამბობს, რომ სამართლებრივ რეაგირებას არ აპირებს და არც ბოდიშის მოხდას ითხოვს, თუმცა 56 ჟურნალისტი განმარტებებს ოპოზიციურს პარტიას სთხოვს.



„ვფიქრობთ, რომ მსგავსი ლექსიკის და ღირებულებების ადამიანს არც პოლიტიკურ სივრცეში და არც სამოქალაქო საზოგადოების ველზე ასპარეზი არ უნდა მიეცეს. ველით პარტიის მხრიდან ამ საკითხზე განმარტებას და რეაგირებას",- წერია ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ თავმჯდომარე TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს არხზე “დაბლოკვასა” და დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ხათუნა ბერიძე ფიქრობს, რომ სიუჟეტის ავტორს რესპონდენტად ისიც უნდა ჩაეწერა, რადგან ქორწილის ამსახველი ვიდეომასალა მისი ფეისბუკ გვერდიდან აიღეს და წყაროს მითითების გარეშე გამოიყენეს.

„როცა ჟურნალისტი აკეთებს სიუჟეტს ვისი ლაივიც აიღეს ხომ უნდა ჩაწეროს და განმარტება გამაკეთებინოს? ეს [ ჩემი დისკრედიტაცია] არის სუსის დაკვეთა და ახლა ცდილობენ, რომ TV 25-ის ან ჟურნალისტების საშუალებით მტკივნეულზე დამარტყან. ამ მიმართვით აიძულებენ პარტიას უარი თქვან ჩემთან თანამშრომლობაზე“,- გვითხრა ბერძიემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სიუჟეტთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ