მუქარა განსასჯელის სკამიდან - 5 ივლისის საქმე
22.02.2022
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმის მორიგ სასამართლო პროცესზე ბრალდებულები „ფორმულას“ ჟურნალისტს დაემუქრნენ.

რა მოხდა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას, მოწმის სახით გამოკითხვის დროს ბრალდებულები ჟურნალისტის განცხადებამ გააღიზიანა.

  • ბრალდებულების აგრესია და ხმაური მოჰყვა რატი წვერავას ნათქვამს: "ჩვენ არაკაცებს არ ვაშუქებთ ანუ ძალადობრივი მოწოდებების მქონე ადამიანებს არ ვაშუქებთ ეთერში".
  • ბრალდებულის, გიორგი ნასყიდაშვილის მუქარა: „არაკაციც ხარ და უნამუსო... გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდევ, მიმიშვით ამ არაკაცთან. ამ ვიგინდარას რომ შემოვარტყამ მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი. მოდის და არაკაცს გვიწოდებს".
  • ბრალდებულების ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სხდომა დატოვა, ის მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა.

პროკურორის შეფასება

„დაცვის მხარის მიზანი არ არის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, მათი მიზანია პროცესის გაჭიანურება, ეს მიუთითებს სასამართლო დარბაზში მათ ქცევაზეც და ასევე მათ მიერ მოწმეებისათვის დასმულ შეკითხვაზე.“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
  • დღეს ჩვენება უნდა მიეცა „მთავარი არხის“ ოპერატორის დათუნა ახალკაცსაც, თუმცა მისი გამოკითხვა გადაიდო.
  • 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების გამოკითხვა მომდევნო პროცესზე 2 მარტს დასრულდება.

კონტექსტი


  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის „ფორმულას“ ჟურნალისტს რატი წვერავას.
  • ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.



    ვრცლად: დაუსჯელი ორგანიზატორები და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ბრალდებულები - რა ხდება 5 ივლისის საქმეზე

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ