ევროპარლამენტის კვლევა: საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა
06.04.2022
საქართველო-ევროკავშრის ასოცირების შეთანხმების განხორციელების განახლებულ შეფასებაში საუბარია საქართველოს პოლარიზებულ მედასა და მტრულ გარემოზე ჟურნალისტებისთვის.

მოკლედ:

• ანგარიში ევროპარლამენტის ვებგვერდზე 25 მარტს გამოქვეყნდა.

• 85-გვერდიანი დოკუმენტი საგარეო საქმეთა კომიტეტის მოთხოვნით ევროპარლამენტის კვლევის სამსახურმა მოამზადა ევროპარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის როგორც დამატებითი მასალა მათს საპარლამენტო მუშაობაში დასახმარებლად.

• დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს.

უფრო დეტალურად:

• შეფასებით ანგარიშში ნახსენებია 2019 წელს რუსთავი 2-ისა და აჭარის ტელევიზიაში მფლობელებისა და მენეჯმენტის ცვლილება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასთან მიმართებით, ასევე 2021 წელს აჭარის ტელევიზიიდან სამი ჟურნალისტის გათავისუფლება, რუსთავი 2-დან გურამ როგოავასა და თეონა ცხომელიძის წასვლა სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მიზეზით, „სუსის ფაილების“ გავრცელება, რომლებშიც ფარული ჩანაწერები ჟურნალისტებზეც იყო.

• დოკუმენტში საუბარია კომუნიკაციების კომისიის მიერ „მედიაკრიტიკის“ პლატფორმის დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისთვის გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებები, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები კრიტიკული მედიის მიმართ, ცესკოს მედიამონიტორინგში „ნეტგაზეთის“, „პუბლიკასა“ და „ონ.ჯის“ შეცდომით დადანაშაულება დეზინფორმაციის გავრცელებაში.

• მედიაგარემოს შეფასებაში წერია 5 ივლისის მოვლენებზეც, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, მოყვანილია მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მონაცემები და Freedom House-ის 2021 წლის შეფასება,.

• ამასთანავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა ეფექტური გამოძიება 2019 წლის ივნისსა და 2021 წლის ივლისში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე და რომ 2021 წლის ივლისში განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი არც ერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული.

კონკრეტული შეფასებები:

• ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

• 2021 წელს ჟურნალისტებზე 90-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა.

• მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარა და ძალადობა შიშს იწვევს ჟურნალისტებში. ბევრი მათგანი ცდილობს წაშალოს თავისი პროფესიული იდენტობა, მაგალითად, დემონსტრაციების დროს აქციის მონაწილეებად წარმოაჩინონ თავი.

• მიუხედავად იმისა, რომ წინა რეფორმებმა შედარებით პლურალისტური მედია ლანდშაფტის გაჩენის საშუალება შექმნა, ბოლო პერიოდში მედია პოლარიზაციის მსხვერპლი გახდა და ჟურნალისტები ახლა უფრო რთული სამუშაო პირობების წინაშე დგანან.

• მედია გარემო პლურალისტულია, მაგრამ მედიის პოლარიზაცია პოლიტიკური კრიზისის პარალელურად გაიზარდა.

• უფრო მეტი გამოწვევა აქვს ჟურნალისტების სამუშაო გარემოს მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო.

• 2021 წლის საარჩევნო კამპანიამ მზრდადი აგრესიული რიტორიკა და მედიის გარემოს მკვეთრი გაუარესება ასახა.

• ისევ პრობლემაა მედიის მფლობელობის საკითხი და პოლიტიკურ პარტიებთან მათი კავშირები. • საქართველოში მედია კანონმდებლობა ლიბერალური და პროგრესულია. თუმცა, ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგაბიზაციების შეშფოთება გამოიწვია.

საუბარია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებულ და შემდგომ უკვე მიღებულ ცვლილებებზე. ასევე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ, რომელიც საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ „უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი“ სარეკლამო მასალის გავრცელებას კრძალავს ითვალისწინებდა.

• მმართველმა კოალიციამ გააგრძელა მედიაგარემოში ჩარევა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ბერკეტების გამოყენებით.

• მმართველი უმრავლესობა უფრო მეტად აკრიტიკებს მედიას. „ქართული ოცნების“ წევრები და სამთავრობო უწყებები ცდილობდნენ ოპოზიციური გამოცემების დისკრედიტაციას მათი დეზინფორმაციის წყაროებად წარმოჩენით.

• მმართველი უმრავლესობის მხრიდან სიტყვიერი თავდასხმები ქართული მედიისთვის მტრულ გარემოს ქმნის და გზას უხსნის ფიზიკურ ძალადობას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ