"მთავარი არხის" რეპორტიორებზე თავდასხმის ფაქტზე „ალტ-ინფოს“ ორი წევრი დააკავეს
08.04.2022
ზუგდიდიში, 17 მარტს „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი დააკავეს. 

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, გაომძიებამ დაადგინა, რომ:

  • ბრალდებულები შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით, ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ.
  • განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

რა მოხდა

17 მარტს “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და ოპერატორ ზვიად აბლოთიას ზუგდიდში, ძალადობრივი ჯგუფის “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთან თავს დაესხნენ.

ემა გოგოხიას თქმით, ჟურნალისტები ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლების მიერ “ალტ-ინფოს” ოფისის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების წაშლას იღებდნენ. ჟურნალისტი ცდილობდა ოფისის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჩაწერას. გადაღების დროს ოფისთან რამდენიმე ერთდროულად გაჩერდა და იქიდან გადმოსული “კასტეტებით” შეიარაღებული პირები მათ თავს დაესხნენ.

გოგოხია ჰყვებოდა, რომ ოპერატორს დაახლოებით 8 კაცი სცემდა, საპატრულო პოლიცია კი ფაქტს შორიდან უყურებდა, პოლიციის ეკიპაჟი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ხმაური მოქალაქეებმა გაიგეს და დახმარება სცადეს.

გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა

ამავე თემაზე: ღამით 5 ჟურნალისტს თავს დაესხნენ - რა მოხდა?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ