ღამით 5 ჟურნალისტს თავს დაესხნენ - რა მოხდა?
18.03.2022
17 მარტს ღამით, თბილისსა და ზუგდიდში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი “ფორმულასა” და “მთავარის” გადამღებ ჯგუფებს ორ განსხვავებულ ადგილას, განსხვავებულ თემებზე მუშაობის დროს შეუშალეს. ორივე შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

რა მოხდა?

“ფორმულას” - ჟურნალისტს ნანო ჩაკვეტაძეს, ოპერატორსა და მის ასისტენტს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში ინტერვიუს ჩაწერის დროს მოქალაქე დაესხა თავს. ნაცემია ორი ოპერატორი. ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტსაც. დაზიანებულია აპარატურა.

მომხდარის დეტალები:
  • გადამღები ჯგუფი გადაცემა “დროებისთვის” უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსი მოქალაქეების ჩამოსვლის თემაზე ბარში წინასწარ შეთანხმებულ ინტერვიუს წერდა. რესპონდენტი რუსეთის მოქალაქე იყო.
  • ბარში შესვლისთანავე ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა პირმა ჰკითხა რომელი ტელევიზიიდან იყვნენ და რას აკეთებდნენ.
  • მოქალაქე მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც გაიგო, რომ ჯგუფი “ფორმულადან” იყო. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში ჟურნალისტის მიმართ ჰქონდა რეპლიკები. ამბობდა, რომ არ მოსწონდა “ფორმულა” და ის, თუ როგორ აშუქებს ტელევიზია ამბებს.
  • მოქალაქემ გინება დაიწყო რესპოდნეტის მიმართაც, თუმცა მას ფიზიკურად არ შეხებია.
  • მოქალაქემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გადამღები ჯგუფის სამივე წევრს.
  • ჟურნალისტმა ჯერ პროდიუსერებს შეატყობინა მომხდარის შესახებ, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა.
  • როდესაც პირველმა გადამღებმა ჯგუფმა ბარი დატოვა, ადგილზე “ფორმულას” კიდევ ერთი ჯგუფი მივიდა. აგრესიულმა პირმა ჩაწერის დროს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არხის მიკროფონი გადაადო.



პოლიციამ თავდამსხმელი ღამითვე დააკავა. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს “ფორმულას თანამშრომლები.
  • “ ჩვენი პოზიცია, გამოძიებამ აბსოლუტურად გაიზიარა: რომ თუ დღეს ვინმეს რომელიმე არხის საქმიანობა არ მოსწონს, ლეგიტიმურად მიიჩნევს, ხელი შეუშალოს მას, იძალადოს და ა.შ.”, - თქვა ჟურნალისტმა ნანო ჩაკვეტაძემ ფორმულას ეთერში.

გამოძიება: ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ყველა საჭირო მოქმედებას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით.
  • ძალადობრივ ქმედებასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა “ფორმულას” გადამღები ჯგუფის სამივე წევრს დღეს ჩაუტარდება.

“მთავარი არხის” - ჟურნალისტს ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზუგდიდში, ძალადობრივი ჯგუფის “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთან დაესხნენ თავს. ემა გოგოხია ჰყვება, რომ:
  • ჟურნალისტები ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლების მიერ “ალტ-ინფოს” ოფისის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების წაშლას იღებდნენ. ჟურნალისტი ცდილობდა ოფისის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჩაწერას.
  • გადაღების დროს ოფისთან რამდენიმე ერთდროულად გაჩერდა და იქიდან გადმოსული “კასტეტებით” შეიარაღებული პირები მათ თავს დაესხნენ.
  • ოპერატორს დაახლოებით 8 კაცი სცემდა. იძალადეს ჟურნალისტზეც.
  • ძალადობის ამ ფაქტს საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა, პოლიციის ეკიპაჟი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ხმაური მოქალაქეებმა გაიგეს და შველას შეეცადნენ.
  • ადგილზე მოსულმა პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არა ყველა.
  •  თავდამსხმელები ერთმანეთს მიუთითებდნენ აპარატურის დამტვრევისკენ. ცდილობდნენ კამერის გატაცებას.


გამოძიება - ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ