სასამართლომ “რუსთავი 2-ს” ნოდარ მელაძისთვის 80 000 ლარის გადახდა დააკისრა
04.05.2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რუსთავის 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის, ინტერესების დამცველი იურისტი თეო ზაქარაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში ორ-წლიანი დავის შემდეგ მათი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.

ნოდარ მელაძე სასამართლოს გზით ითხოვდა:
  • მისი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას
  • განაცდურის ანაზღაურებას
  • სამსახურში აღდგენას
  • დამატებითი კომპენსაციის განსაკუთრებული წესით გამოთვლას

“2-წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია”, - წერს მელაძე.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპენსაციის გაანგარიშების განსაკუთრებული წესის შესახებ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი ამ საკითხზე სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დაელოდება და, ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ამ ნაწილს გაასაჩივრებს.

თეო ზაქარაშვილის ინფორმაციით, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა აღდგენის ნაწილშიც და სანაცვლოდ სასამართლომ ტელეკომპანიას ნოდარ მელაძისთვის კომპენსაცია დააკისრა. 

კონტექსტი

ნოდარ მელაძე, რომელიც ამჟამად “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსია, 2019 წლის აგვისტოში “რუსთავი 2-დან” “სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო” გაათავისუფლეს.
  • "რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.
  • შედეგად, ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ