რა აჩვენა პრორუსული მედიასაშუალებების დისკურსზე დაკვირვებამ - DRI-ის ანგარიში
11.05.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, „ალტ-ინფო“ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ღიად ატარებს პროკრემლისტურ დისკურსს და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამართლებას ან უარყოფას ცდილობს.

რა ხდება

  • 11 მაისს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ულტრა-მემარჯვენე ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორებისა და მედია საშუალებების დისკურსზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა.
  • ორგანიზაცია აკვირდებოდა მარტი-აპრილის პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დეზინფორმაციის გამავრცელებელი ულტრამემარჯვენე მედია საშუალებების გზავნილებს და სწავლობდა მათი მანიპულაციური დისკურსის ძირითად ტენდენციებს.
  • კვლევაში გაანალიზებულია სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული შინაარსის მქონე 475 შემთხვევა

რა აჩვენა 2 თვიანმა დაკვირვებამ

DRI-ის დაკვირვებით, საქართველოში კრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანიის მთავარი პლატფორმა „ალტ-ინფოა“.

ორგანიზაცია ამბობს, რომ „ალტ-ინფოს“ რიტორიკაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა:

  • ერთი მხრივ, შესამჩნევი იყო რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერა და უკრაინის დისკრედიტაციის მცდელობა
  • ხოლო მეორე მხრივ, ძირითადი აქცენტები კეთდებოდა ანტიდასავლური და ანტი-ნატო ნარატივების გავრცელებაზე.

DRI-ის შეფასებით, „ალტ-ინფო“ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ღიად ატარებს პროკრემლისტურ დისკურსს და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამართლებას ან უარყოფას ცდილობს.

  • „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, „ალტ-ინფოს“ წამყვანები, რომლებიც ამავე დროს ღიად პროკრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები არიან, აქტიურად აკეთებდნენ რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს, ახდენდნენ კრემლის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ნორმალიზაციას და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ“.

DRI-ის დაკვირვებით, „ალტ-ინფოს“ ეთერში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პრორუსული, პროპაგანდისტული მედია კამპანია და ომის მაპროვოცირებელ ძალად დასავლეთია წარმოჩენილი.

ორგანიზაციის დაკვირვებით:

  • ტენდენციად ჩამოყალიბდა „ქართული ოცნებისა“ და „ალტინფოს“ ერთმანეთის მსგავსი განცხადებები, როდესაც საქმე უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას ეხება.
  • „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არ შეერთების გამო.
  • „ალტ ინფოს“ წამყვანები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ხაზი გაუსვან საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა და პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას, როგორც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას.

ალტ-ინფოს მთავარი გზავნილები

DRI-იმ თავის ანგარიშში„ალტ-ინფოს“ მიერ გაჟღერებული რამდენიმე ძირითადი გზავნილი გამოკვეთა:

  1. რუსეთი, თავს არ ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას და არ ბომბავს დასახლებულ პუნქტებს.
  2. რუსეთის სამხედრო უპირატესობა აშკარაა და ომში უკრაინა დამარცხდება.
  3. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტიანია.
  4. უკრაინა თავად ვაჭრობს რუსეთთან, შესაბამისად, მისი პრეტენზიები საქართველოს მიმართ დაუშვებელია.
  5. დასავლეთს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს.

„ერთი მხრივ, ეს არის რუსეთის მხარდამჭერი მოწოდებები და მისი სამხედრო პოტენციალის გაიდეალება, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინის დემონიზებისა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობები“ - ვკითხულობთ ანგარიშში.


ანგარიში სრულად: ულტრამემარჯვენე რიტორიკა და ტენდენციები სოციალურ მედიაში

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ