საქართველო “ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის” ანგარიშში
16.05.2022
მორიგი საერთაშორისო ანგარიში აღნიშნავს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებას.

84-გვერდიანი პუბლიკაციაში, “პრესის თავისუფლების დაცვა დაძაბულობისა და კონფლიქტის დროს”, საუბარია საქართველოში 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმიდან 1 კვირაში გარდაცვლილ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავაზე და გახშირებულ მუქარაზე ჟურნალისტების მიმართ.

ეს ანგარიში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების საფრთხეებსა აფასებს და ეყრდნობა მედიის მკვლევარი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს.

ანგარიშის მიხედვით:

  • 2021 წელს ევროპაში ჟურნალისტთან მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2015 წლის შემდეგ (პარიზში ჟურნალ Charlie Hebdo-ზე ტერორისტული თავდასხმა).
  • გასულ წელს 3 ჟურნალისტი დაიღუპა საბერძნეთში, ნიდერლანდებსა და თურქეთში მიზანმიმართული სასიკვდილო თავდასხმების შედეგად.
  • ერთი მათგანი დაიღუპა საქართველოში ძალადობრივი საპროტესტო აქციების შედეგად და 2 აზერბაიჯანში ნაღმთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.

საქართველო:

  • ანგარიშში საუბარია 2021 წლის 11 ივლისს გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა 50-მდე ჟურნალისტთან ერთად.
  • აქვე აღნიშნულია ისიც, რომ გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგაც არ იყო ხელმისაწვდომი ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორების პასუხისგებაში მისიაცემად სახელმწიფომ საკმარისად არ იმუშავა.
  • ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ ჯანდაცვის კრიზისის საჯარო მენეჯმენტში არსებული ხარვეზების, დარღვევების ან პოტენციური დანაშაულის გამოძიების დროს. ასეთი შემთხვევები იყო ბელგიაში, კვიპროსში, საფრანგეთში, საქართველოში, რუმინეთსა და უკრაინაში.
“ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა” ევროსაბჭომ 2015 წელს შექმნა მედიის სფეროში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. მისი ფუნქციაა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების ხელშეწყობა.

პლატფორმა საშუალებას აძლევს ევროსაბჭოს დროულად და სისტემატურად მიიღოს ინფორმაცია ამ საფრთხეების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში კოორდინირებულად და სწრაფად იმოქმედოს.

ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს ევროსაბჭოს ოფიციალურ პოლიტიკას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ