საერთაშორისო რეაქცია ნიკა გვარამიას დაკავებაზე
17.05.2022
"მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა:

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

იმედგაცრუებულები ვართ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ბოლო ანგარიშის ჭრილში, რომელშიც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ, ვერ შეძლებენ თავიანთი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის - ნიკა გვარამიას დაკავების გამო.

გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ისე - მედიის თავისუფლებაზე საქართველოში

ჯიმ რიში - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი

ნიკა გვარამიას, ქართული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებთ დააყენებს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.

თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.

განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.

აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.

მირიამ ლექსმანი - ევროპარლამენტარი

ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა სერიოზული შეტევაა მედიის თავისუფლებაზე და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის უწყვეტი მცდელობების ნაწილია. საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ფონზე არ შეიძლება ამ მოვლენების უგულებელყოფა.

ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის სეიმის წევრი

როგორც ჩანს, „ქართული ოცნებას“ სურს, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა – მათ შორის უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნაწილში, ასევე ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ნაწილში. სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ