IDFI: წულუკიანის უწყება ყველაზე დახურულია
24.05.2022
საქართველოში ყველაზე დახურული საჯარო უწყება კულტურის სამინისტროა, ყველაზე ღია კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით უწყებების რეიტინგი გამოაქვეყნა.


რატომ არის მნიშვნელოვანი? “საჯარო დაწესებულებათა ყველაზე ღია თუ დახურულ უწყებად დასახელების მრავალწლიანი უწყვეტი პრაქტიკა, ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და საჯარო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას”, - განმარტავს IDFI.

დეტალები

ორგანიზაციამ 2021 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 285 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების მიხედვით შეაფასა.
  • 2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი 6,961 განცხადებაზე (82%) მიიღო.
  • წინა წელთან შედარებით საქართველოში საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2%-ით გაუმჯობესდა.

არცერთი პასუხი თეა წულუკიანის უწყებიდან

2021 წლის 16 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, IDFI-ს სამინისტროდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი აღარ მიუღია.

  • თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინიტრომ აღარ გასცა ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ამ სამინისტროდან (კულტურის და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფამდე) IDFI შეუფერხებლად იღებდა წინა წლებში.
  • თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის პერიოდი უარყოფითად აისახა სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზეც.
  • 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები უმეტესწილად სამინისტროს ფინანსების განკარგვასთან და მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი განათლების სამინისტროსგან გამოყოფიდან დაახლოებით ერთი წლის გასვლის შემდეგ, საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მთავრობის დადგენილებით პროაქტიულ გამჭირვალობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები.

პიროვნული ცვლილების ფაქტორი

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” თანახმად, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იგივე პრობლემა არსებობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშიც, რომელიც წლების განმავლობაში IDFI-ის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშებში ყველაზე დახურულ უწყებად სახელდებოდა.

  • მინისტრ თეა წულუკიანის ცვლილების შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ 2021 წელს გასცა ისეთი საჯარო ინფორმაცია რომელიც, მისი ხელმძღვანელობის პირობებში დახურული იყო დაინტერესებული პირებისათვის.
  • “პიროვნული და მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების ფაქტორის გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროობის ხარისხზე, ცალსახად მიუთითებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ქვეყანაში ქმედითი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.”, - წერს IDFI.

ყველაზე დახურული უწყებები

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით 2021 წლის რეიტინგში 262 დაწესებულებას შორის 5 ყველაზე დახურული საჯარო უწყებაა:

  1. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია
  3. წალკის მუნიციპალიტეტის მერია
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია
  5. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები მიიღო მთავრობის ადმინისტრაციამ (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%).

ყველაზე ანგარიშვალდებული უწყებები

5 ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო უწყებაა:

  1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
  2. სახალხო დამცველის აპარატი
  3. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი
  4. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო
  5. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
IDFI-ის ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (95,65%).

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ