TV პირველის ოპერატორზე ძალადობის გამო 2 პირი დააკავეს
21.06.2022
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში TV "პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.


რა მოხდა? უწყების ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ადამიანის დევნა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით) 2001 წელს დაბადებული 2 ბრალდებული დააკავეს.

დეტალები

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, TV "პირველის“ ოპერატორი რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა.ამ დროს:
  • მასთან მივიდნენ ბრალდებულები და TV "პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს.
  • რასაც ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
  • ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
TV "პირველის“ ინფორმაციით:
  • 18 ივნისს ბათუმის ბიუროს ოპერატორს პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. 
  • შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოპერატორი პირდაპირ ეთერში 20 ივნისის აქციის მონაწილეების ჩართვას უზრუნველყოფდა.
  • თავდამსხმელები ოპერატორს ფიზიკურად მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ უსწორდებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ