ფარულ მოსმენებზე 10 ჟურნალისტის სარჩელი „მედიაომბუდსმენმა“ სტრასბურგში გაგზავნა
13.07.2022
„მედიაომბუდსმენმა“ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე 10 ჟურნალისტის სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნა.

რა ხდება

12 ივლისს ე.წ. კრებსების საქმეზე „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 4 სხვადასხვა მედიის 10 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა:

  • გიორგი მგელაძე, გელა ბოჩიკაშვილი - „რადიო თავისუფლება“
  • ნინო ბიძინაშვილი - „ნეტგაზეთი“
  • ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე - „ფორმულა“
  • ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი - „TV პირველი“

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გაიგზავნება „ფორმულას“ ჟურნალისტის ხატია შამანაურის საქმეც.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ უარი თქვა ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე და მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში ეფექტურად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა.

„მედიაომბუდსმენის“ დირექტორის, ნათია კაპანაძის შეფასებით, „საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი.“

კონტექსტი

  • 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები გავრცელდა.
  • დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა.
  • ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს
  • მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ