“ოცნება” კრიტიკულ ტელევიზიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის
09.08.2022
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო.

პარტიამ კომუნიკაციების მარეგულორებელ კომისიას 5 აგვისტოს მიმართა.

რას ედავება “ქართული ოცნება” კრიტიკულ მედიას?

“ქართული ოცნების” საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში ასეთი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლი:

  • ემსახურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას.
  • მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას.
  • მასში ცხადად იდენტიფიცირებულია „ქართული ოცნება“ კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით.
  • შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე.
  • ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას.

სადავო ვიდეო

ვიდეორგოლი, რომელსაც მმართველი პარტია პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევს, მოძრაობის, “შინ ევროპისკენ” ორგანიზატორების მომზადებულია.

2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოში ჩანს, როგორ ისმენს ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი პოლიტიკურ განცხადებებს.



  • ვიდეოში ისმის ამონარიდები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, მომღერლისა და ტელეწამყვანის გია გაჩეჩილაძის, “ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, “ოცნების” წევრის გია ვოლსკის, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებიდან უკრაინაში რუსეთის ომის, ევროპარლამენტის რეზოლუციის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემებზე.

ვიდეოს ბოლოს კი ტექსტის სახით 24 ივნისს 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცის ანონსია.

როგორ პასუხობენ კრიტიკული ტელევიზიები?

“მთავარ არხში”, “ფორმულასა” და ტელეკომპანია “პირველში” ამბობენ, რომ “ოცნების საჩივრის მიზანი ტელევიზიებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაა.

  • "ქართულ ოცნებას" ჰყოფნის თავხედობა, რომ მარეგულირებელი კომისია გამოიყენოს იმისთის, რომ ერთგვარად დაგვაჯარიმოს. ამ ყველაფრის მიზანი იქნება ფინანსური სანქციები. ეს ცხადია. მიზანი ნამდვილად არის ჩვენი კიდევ უფრო დიდი გასაჭირში და წნეხში ჩაგდება, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუძლებთ,” - ამბობს "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

“მთავარ არხში” ფიქრობენ, რომ კომუნიკაციების კომისია სამივე ტელევიზიას დააჯარიმებს და ამით “ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებს.”

  • "ვფიქრობ [მარეგულირებელი კომისია] განსაკუთრებულ სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს “მთავარი არხის” წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაწუხებთ მათ. შეგახსენებთ, რომ წინა ჯერზე მარეგულირებელმა კომისიამ 112 ათასი ლარით დაგვაჯარიმა პუტინის გამოსახულების გამო,"- ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი.

კომუნიკაციების კომისია “ქართული ოცნების” საჩივრის განსახილველად მიღების საკითხს 2022 წლის 11 აგვისტოს 15:00 საათზე განიხილავს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ