რა ვიცით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების შესახებ
28.09.2022

რა ხდება?

დაიწყო ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად.

  • ადმინისტრაციას 8 კანდიდატმა მიმართა.
  • გასაუბრება 5 შერჩეულ კანდიდატთან, 29-30 სექტემბერს გაიმართება.
  • ახალ გენერალურ დირექტორს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს.
  • ახალი დირექტორი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ვინ არიან კანდიდატები და რა ვიცით მათ შესახებ?

კანდიდატებს შორის არის მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორი გიორგი კოხრეიძე. ის ამ თანამდებობას 2019 წლიდან, წინა დირექტორის - ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ იკავებს. კოხრეიძის გარდა, ღია კონკურსში მონაწილეობას იღებენ:

  • აკაკი ბერიძე
  • ნათია თავდგირიძე
  • ირაკლი გიორგაძე
  • დავით ჩხარტიშვილი

გიორგი კოხრეიძე

  • 2019 წელს, წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით გათავისუფლების შემდეგ აირჩიეს, რასაც ტელევიზიაში კრიზისი მოჰყვა.
  • 2020 წელს, არხთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა, რომელშიც ნახსენებია, რომ "სამოქალაქო ჯგუფების განცხადებით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, მმართველი პარტია "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაჭარბებული გავლენის მოპოვების მცდელობას აგრძელებდა".
  • 2021 წელს, Human Rights Watch-ის ანგარიშში, აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენების კრიტიკული შეფასება მოხვდა.
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებით, კოხრეიძის საკადრო გადაწყვეტილებები მიმართული იყო არხზე მომუშავე კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვებისა და შევიწროებისკენ.
  • გიორგი კოხრეიძემ, დირექტორად დანიშვნის შემდეგ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლა ანდა ხელშეკრულება შეუცვალა.
  • ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა და არსებითად სხვა პოზიციაზე გადაყვანილმა თანამშრომლებმა მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყეს.
  • კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.

დეტალურად: გიორგი კოხრეიძის საკადრო პოლიტიკა

ნათია თავდგირიძე

  • მუშაობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში, როგორც რეჟისორი, პროდიუსერი და გადაცემა - "ერთი დღე სოფელში" ავტორი და წამყვანი.
  • 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანობის დარბაზიდან", თუმცა ვერ გაიმარჯვა. ამ პერიოდში არხმა შეაჩერა მისი გადაცემა, თუმცა შემდეგ აღადგინა, რისთვისაც თავდგირიძემ მადლობა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, განსაკუთრებით - მედეა ვასაძეს გადაუხადა.

ირაკლი გიორგაძე

  • 2018 წლიდან ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში ასწავლის. 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის განვითარების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელია.
  • აქვს ისტორიის დოქტორის ხარისხი, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

დავით ჩხარტიშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიხედვით,
  • ჩხარტიშვილმა 2018 წელს პოლიტიკური მოძრაობა "ბათუმის პლატფორმა" დააფუძნა.
  • მისი მოძრაობა თავდაპირველად ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა.
  • თუმცა, ორგანიზაციის დაფუძნებიდან 2 თვის შემდეგ, ბათუმის მერიის სევისების სააგენტოში დასაქმდა.
  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა აქამდეს უნდოდა და კონკურსში 2016 და 2018 წლებშიც მონაწილეობდა, თუმცა მრჩეველთა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

აკაკი ბერიძე

  • იურისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
  • 2015-2018 წლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
  • არის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.

რა უნდა ვიცოდეთ მრჩეველთა საბჭოს შესახებ?

  • მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება.
  • 2019 წელს არჩეული 5 კანდიდატიდან, 3 "ქართული ოცნების" კვოტით დაკომპლექტდა.
  • 2020 წლის თებერვალში, იმ დროისათვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ მრჩეველთა საბჭო და გენერალური დირექტორი გიორგი კოხრეიძე თანამშრომლების დევნასა და ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა.
  • 2021 წლის ნოემბრში, მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირმა კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა და თქვა, რომ "მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა მწვანე შუქს აძლევდა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ყველა დამაზიანებელ გადაწყვეტილებას".

დღეისათვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შემადგელობა ასეთია:

  • გიგა ჩხარტიშვილი — "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი, არის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
  • თამილა დოლიძე — "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი;
  • სოსო სტურუა — "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი;
  • თამარ წილოსანი — ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი. 2020 წელს აქტივისტმა, რომელიც მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენების მოთხოვნით შიმშილობდა, "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში დაადანაშაულა.
  • გია ქარცივაძე — აირჩიეს "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით, 2020 წელს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტი მოითხოვა.

როგორია გენერალური დირექტორის არჩევის წესი?

  • ცხადდება ღია კონკურსი;
  • გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო;
  • ირჩევენ 6 წლის ვადით;
  • კრიტერიუმები:
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა ჰქოდეს მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • არანაკლებ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე, 3-წლიანი პრაქტიკა;
  • ჟურნალისტაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო/პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო საკნდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 7 დღის განმავლობაში დანიშნავს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ